აშშ რუსეთში ბოლო ორ საკონსულოს ხურავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ–ს კონგრესს შეატყობინა რუსეთში ორი გენერალური საკონსულოს დახურვის შესახებ. საქმე ეხება ვლადოვოსტოკსა და ეკატერინბურგში არსებულ საკონსულოებს. ეს არის უკანასკნელი ამერიკული საკონსულოები რუსეთში. პეტერბურგში ის ჯერ კიდევ 2018 წელს დახურეს.

აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გასულ კვირას კანონმდებლებს შეატყობინა, რომ სამუდამოდ დახურავს საკონსულოს ვლადივოსტოკში და დროებით შეაჩერებს ეკატერინბურგის საკონსულოს მუშაობას. სააგენტო ასოშეითედ პრესის ინფორმაციით უწყება აშშ–ს კონგრესში ჯერ კიდევ 10 დეკემბერს გაიგზავნა. ეს იყო 3 დღით ადრე მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ აშშ–ს ისტორიაში უმსხვილეს კიბერშეტევა Sunburst –ში რუსეთის მონაწილეობის შესახებ ეჭვი გაჩნდა.

შეტყობინებაში ნათქვამია, რომ საკონსულოების დახურვა უკავშირდება რუსეთის ხელისუფლების მიერ 2017 წელს შემოღებულ შეზღუდვებს ამერიკელ დიპლომატთა რაოდენობაზე, რომლებსაც ქვეყანაში მუშაობის უფლება აქვთ.“ ეს ნაბიჯები პასუხი იყო რუსეთის მიერ 2017 წელს შემოღებულ პერსონალის შეზღუდვაზე, რასაც რუსეთში აშშ–ს წარმომადგენლობებში საკადრო პრობლემები მოჰყვა, შედეგად კი ჩიხური სიტუაცია შეიქმნა დიპლომატიურ ვიზებთან დაკავშირებით.“– ნათქვამია შეტყობინებაში.

რუსული სააგენტო ТАСС სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება, რომ გადაწყვეტილება სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიიღო.

სააგენტოს წყარო ამბობს, რომ საკონსულოების დახურვის მიზანი სამუშაოს ოპტიმიზაციაა “მოსკოვში აშშ–ს საელჩოში დიპლომატიური პერსონალის რეორგანიზაცია საშუალებას მოგვცემს რუსეთში ჩვენი საგარეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ეფექტური და უსაფრთხო გზით განვახორციელოთ. არანაირი ქმედებები რუსეთში აშშ–ს გენერალურ საკონსულოსთან დაკავშირებით არ იგეგმება“ – ამბობს ის.

საკონსულოების დახურვის შემდეგ აშშ–ს ერთადერთი დიპლომატიური ცენტრი რუსეთში მოსკოვში დარჩება. პეტერბურგში აშშ–ს გენერალური საკონსულოს დახურვა რუსეთმა ჯერ კიდევ 2018 წელს მოითხოვა, მას შემდეგ, რაც ბრიტანეთში სკრიპალების მოწამვლის შემდეგ აშშ–მ განკარგულება გასცა სიეტლში რუსეთის საკონსულოს დახურვის შესახებ.

ორი საკონსულოს დახურვა რუსეთის უზარმაზარი ტერიტორიების ამერიკული დიპლომატიური წარმომადგენლობის გარეშე დატოვებას ნიშნავს, რაც ასოშეითედ პრესის თქმით ამერიკელი მოგზაურებისთვის პრობლემებს შექმნის, რუსეთის შორეული რეგიონების წარმომადგენლებს კი ვიზის ასაღებად მოსკოვში ჩასვლა მოუწევთ.

მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური კონფლიქტი 2016 წლის დეკემბერში დაიწყო. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ პოსტის დატოვებამდე მიიღო გადაწყვეტილება აშშ–დან 35 რუსი დიპლომატის და მათი ოჯახის წევრების გაძევების შესახებ.

2017 წლის ივლისში რუსეთმა აშშ–ს მის ტერიტორიაზე ამერიკული დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა რაოდენობის 755–დან 455–მდე შემცირება მოსთხოვა, რის შემდეგაც ვაშინგტონმა მოითხოვა რუსული საკონსულოს დახურვა სან ფრანცისკოში. 2018 წელს კი რუსული დიპლომატიური მისიის კიდევ 60 თანამშრომელი გააძევეს , სკრიპალების მოწამვლის გამო კი როგორც უკვე გითხარით, სიეტლში რუსული საკონსულო დახურეს.

საკონსულოების ძირითადი ფუნქცია საკონსულო და სავიზო მომსახურებებია.