აშშ–ს ახალი სახელმწიფო მდივანი უკვე პოსტზეა. რას უნდა ელოდეს მოსკოვი კრემლის მწვავე კრიტიკოსისგან

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ოთხშაბათ დილას სახელმწიფო დეპარტამენტში მივიდა და პირველი სამუშაო დღე დაიწყო.

ბლინკენს სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლები შენობის გარეთ, სოციალური დისტანციის დაცვითა და პირბადეებით დახვდნენ.

“ჩემთვის დიდი პატივია, რომ დავიწყო მუშაობა ჩვენი ერის 71-ე სახელმწიფო მდივნად. მოხარული ვარ და ველი ყველაფერს, რაც წინ გველოდება. ამერიკაში ახალი დღე გათენდა, მსოფლიოში, ახალი დღე გათენდა”– ასე დაიწყო თავისი სიტყვა სახელმწიფო დეპარტამენტში ენტონი ბლინკენმა.

სახელმწიფო დეპარტამენტში მისვლამდე ბლინეკმა “ტვიტერზე” დაწერა: “ჩემი კარიერა სრულ წრეზე დატრიალდა. სახელმწიფო დეპარტამენტში მუშაობა 1993 წელს დავიწყე. დღეს კი ჩემი ცხოვრების მთავარი სიამაყეა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გავუძღვე, როგორც 71-ე სახელმწიფო მდივანი”.

ენტონი ბლინკენმა სახელმწიფო დეპარტამეტში მუშაობა 28 წლის წინ დაიწყო. ის ჯერ ევროპასა და კანადასთან ურთიერთობის დეპარტამენტში მუშაობდა, შემდეგ კი სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო. ის კარგად იცნობს საქართველოსა და უკრაინის პრობლემებს და ამ საკითხებზე ის წლებია მუშაობს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა ბლინკენი სახელმწიფო მდივნის პოზიციაზე 2020 წლის 23 ნოემბერს წარადგინა. მოგვიანებით კი მისი კანდიდატურა სენატმა მოსმენების შემდეგ დაამტკიცა.

სენატში მოსმენების დროს, ბლინკენმა სხვა საკითხებთან ერთად საქართველოზეც ისაუბრა. მან განაცხადა, რომ ნატოში საქართველოს წევრობას ემხრობა თუ „ქვეყანა წევრობის კრიტერიუმს დააკმაყოფილებს და ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს“.

ენტონი ბლინკენი 58 წლისაა. ის ნიუ-იორკში ებრაელი იმიგრანტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. როგორც თავად ამბობს, მის მშობლები და წინაპრები დევნილი იმიგრანტები იყვნენ, რომლებიც ჰოლოკოსტს გადაურჩნენ.

ბლინკენი ჰარვარდის და კოლუმბიის უნივერსიტეტებში იურისპუდენციას და ჟურნალისტიკას სწავლობდა. ახალგაზრდობაში ჰოლივუდის პროდიუსერობაზე ოცნებობდა.

1990–იან წლებში გამოსვლის ტექსტებს წერდა ბილ კლინტონისთვის. მისი ცოლი იმ პერიოდში ჰილარი კლინტონის პირად თანაშემწედ მუშაობდა.

ბაიდენის წინასაარჩევნო შტაბში საერთაშორისო პრობლემატიკას კურირებდა.

2002–2008 წლებში ხელმძღვანელობდა სენატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის აპარატს იმ დროს, როცა ბაიდენი კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ბაიდენის ვიცე–პრეზიდენტობის დროს კი მისი მრჩევლის პოსტზე გადავიდა. განსაკუთრებით აქტიურად იყო ჩართული ერაყის საქმეებში. 2013 წლის ინტერვიუში ბაიდენმა მას სუპერვარსკვლავი უწოდა.

2015–2017 წლებში ბლინკენი სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის მოადგილედ მუშაობდა. ის ახლო აღმოსავლეთის საკითხებით და ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლით იყო დაკავებული.

ტრამპის გამარჯვების შემდეგ თანამდებობა დატოვა და კერძო კომპანიაში დაიწყო მუშაობა. 2018 წელს შექმნა საკუთარ საკონსულტაციო ფირმა.

ჯო ბაიდენის ძველი მრჩველი და “გადატვირთვის პოლიტიკის“ ერთ–ერთი ავტორი ვაშინგტონში ცნობილია, როგორც მოსკოვთან მიმართებაში მაქსიმალურად მკაცრი ზომების გატარების მომხრე. კვირის დასაწყისში თეთრ სახლში განაცხადეს, რომ მოსკოვისგან დაუყოვნებლივ მოითხოვენ ალექსეი ნავალნის, ასევე მისი მხარდამჭერი აქციების დროს დაპატიმრებულთა გათავისუფლებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კრემლს მკაცრი ზომებით დაემუქრნენ. ახალი ადმინისტრაციის პრესმდივნის, ჯენიფერ ფსაკის თქმით, სახელმწიფოს მეთაური არ გამორიცხავს რუსეთის ხელისუფლების ქმედებაზე რეაქციის სახით “ყველა ვარიანტი“ აამოქმედონ.

თავად ბაიდენმა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხისას მიანიშნა, რომ ჯერჯერობით მხოლოდ ერთ სფეროს განიხილავს, რომელშიც აშშ–ს და რუსეთს თანამშრომლობა შეუძლიათ. ეს არის ბირთვული განიარაღების საკითხები. ყველა სხვა დანარჩენ საკითხში ურთიერთობები მინიმალური იქნება.

ამავე დროს აშშ–მ უნდა გააგებინოს რუსეთის ხელისუფლებას, რომ ისინი ძალიან შეშფოთებულნი არიან ნავალნის დაკავებით, კომპანია SolarWinds–ზე შეტევით, რომელშიც რუსი ხაკერები არიან ეჭვმიტანილი, ასევე ინფორმაციით ავღანეთში ამერიკელების მკვლელობისთვის თანხების გადახდის შესახებ – დასძინა პრეზიდენტმა.

სენატში ენტონი ბლინკენის დამტკიცებისას ნავალნის დაპატიმრება მოსმენის ერთ–ერთი მთავარი თემა გახდა. რუსეთთან ურთიერთობების პრობლემას ბლინკენმა ერთ–ერთი საკვანძო უწოდა ახალი ადმინისტრაციისთვის, მისი დამოკიდებულება რუსი ოპოზიციონერის დაკავების მიმართ კი ერთადერთი ფრაზით გამოხატა: “ეს გამაოგნებელია, როგორ ეშინია ვლადიმერ პუტინს ამ ადამიანის.“

ბლინკენის პოზიციას მისი კოლეგებიც იზიარებენ აშშ–ს ახალი ადმინისტრაციიდან. მაგალითად, უილიამ ბერნსი, რომელიც ბაიდენმა დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს დირექტორად წარადგინა, რამდენიმე თვის წინ აცხადებდა, რომ ვერ ხედავს მომავალში მოსკოვთან ურთიერთობების განსაკუთრებულ პერსპექტივებს და ამერიკა კრემლთან მიმართებაში შესაძლებლობების საკმაოდ ვიწრო დიაპაზონის ფარგლებში იმოქმედებს – “მწვავე შეჯიბრსა და საკმაოდ უსიამოვნო მტრობას შორის.“

ამ პოლიტიკის პრაქტიკაში განხორციელება სახელმწიფო დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელს მოუწევს.

მითუმეტეს, რომ ბლინკენი ჯერ კიდევ თანამდებობაზე დანიშვნამდე, კერძო ბიზნესში მუშაობისას არაერთ ინტერვიუში როგორც ანალიტიკოსი საუბრობდა მოსკოვთან აშშ–ს ურთიერთობების შესახებ. ვნახოთ, რას ამბობდა ის:

გადატვირთვის პოლიტიკაზე:

“ბაიდენი უკიდურესად მკაფიოდ ამბობდა, რომ მაშინაც კი, როცა რუსეთთან გადატვირთვას ვცდილობდით, არ ვაპირებდით ჩვენს ძირითად პრინციპებზე უარის თქმას. არ ვაპირებდით ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ გავლენის სფეროების გაყოფის სფეროში დაბრუნებას. არ ვაპირებდით დათანხმებას წინადადებაზე იმის შესახებ, რომ ერთ ქვეყანას, ანუ რუსეთს შეუძლია უკარნახოს სხვა ქვეყნებს რა უნდა გააკეთონ და რა არა. პუტინი ეგრეთწოდებულ ასიმეტრიულ ტაქტიკას იყენებს რათა მოახდინოს შევიწროვება, ზონდირება, პროვოცირება პირდაპირი სამხედრო თავდასხმების გარეშე. ის ყველაფერს იყენებს: პოლიტიკოსების მოსყიდვიდან და დეზინფორმაციის კამპანიიდან დაწყებული პატარა და შეუმჩნეველი სამხედრო ოპერაციებით და ამ ქვეყნებში სეპარატისტული ძალების მხარდაჭერით დამთავრებული. ეს ყველაფერი კი ასიმეტრიულ სტრატეგიად იქცევა, რომელსაც ძალიან შეზღუდული რესურსებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია.“

ნატოსა და რუსეთის ურთიერთოების შესახებ:

“მე ვიტყოდი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი იბრძოლებს პუტინის წინააღმდეგ მისი აგრესიის გამო…

ნატომ აშშ–ს მეთაურობით მკაფიოდ გაააქტიურა პოლიტიკა რუსეთის მიმართ უკრაინის მოვლენების შემდეგ. ჩვენი ყოფნა, მათ შორის რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებში ახლა უფრო შესამჩნევი და მაშტაბურია, ვიდრე ამ კრიზისამდე იყო. ისევ და ისევ ამის გამო, ევროპელები უფრო შეკავშირდნენ, როცა საქმე ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ეხება. ყველა მაჩვენებლით ამ სტრატეგიული გადაწყვეტილებების გამო რუსეთი სტრატეგიულად უფრო სუსტ პოზიციებზე აღმოჩნდა.“

ტერორიზმთან ბრძოლაზე:

“როცა ტრამპმა მიიღო დაზვერვის მონაცემები იმის შესახებ, რომ რუსეთი თალიბებს ჩვენი სამხედროების მკვლელობისთვის ფულს უხდიდა და ის არაფერს არ აკეთებს, ჩვენ გვაქვს რეალური ფუნდამენტალური პრობლემა.

რა უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ჩვენი საკვანძო ინტერესები ავღანეთში და ხელი შევუშალოთ ახალი ტერორისტული ჯგუფების ჩამოყალიბებას ისე, რომ იქ 14 000 ან 7 000 ამერიკელი ჯარისკაცი არ გავგზავნოთ? ამისათვის საჭიროა ჩემი აზრით შევინარჩუნოთ ტერორიზმთან საბრძოლველად ჩვენი იქ ყოფნა, რომ ახლო მომავალში ასეთი ჯგუფები არ აღმოცენდეს. “