აშშ-ს თავდაცვის ავტორიზაციის აქტი – მხარდაჭერა საქართველოსთვის და გაფრთხილება ხელისუფლებისთვის

ამერიკის სენატმა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი მიიღო, რომლითაც ვაშინგტონი მხარდაჭერას უცხადებს  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევროატლანტიკურ მისწარაფებას, საუბარია შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერებაზე და რუსულ ოკუპაციაზეც.   საბოლოო ტექსტი ერთობლივი კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდება. თუმცა, მანამდე სახელმწიფო დეპარტამენტმა მოხსენება უნდა წარადგინოს, რამდენად ეფექტურია ქვეყნის მთავრობა დემოკრატიის გაძლიერების კუთხით, ეფექტურია თუ არა საარჩევნო რეფორმა და დაცულია თუ არა სამოქალაქო სექტორის, პოლიტიკური პარტიებისა და მედიის დამოუკიდებლობა.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის აქტში ჯიმ რიშის შესწორებები პოლიტპატიმრებისა და 8 მარტის შეთანხმების თემაზე არ შესულა, თუმცა, ამავე დოკუმენტში ვხვდებით შესწორებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოს შესახებ ანგარიში უნდა მოამზადოს და დაასკვნას – აძლიერებს თუ არა ქვეყანა დემოკრატიულ ინსტიტუტებს; ახორციელებს თუ არა საარჩევნო რეფორმას და იცავს თუ არა სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციური პარტიების უფლებებს. შესწორება კონგრესმენ პიტ ოლსონს ეკუთვნის.

აქტის მიღება ხელისუფლებას ახარებს და ამბობს, რომ ამით ბოლო მოეღო სპეკულაციებს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამერიკის მხარდაჭერა დაკარგა იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში ვაშინგტონიდან საქართველოს ხელისუფლების მისამართით ისმის.

“ცალკეულ ჩვენს მეგობარს, კონგრესმენს, სენატორს შეიძლება გარკვეული კითხვები ქონდეს და მას აქვს ამ კითხვების დასმის უფლება, ისევე როგორც ჩვენ გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის უფლება. და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კითხვები თანდათანობით იხსნება. “– თქვა დღეს პრემიერმა გახარიამ.

საგარეო საქმეთა მინისტრი კი ამბობს, რომ აქტის თავდაპირველი შესწორებების გამოყენებას ქართული პოლიტიკური ძალები შეეცადნენ, რასაც დღეს წერტილი დაესვა:

“თავდაპირველად არსებული სხვადასხვა შესწორებების გამოყენებას შეეცადნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის, მაგრამ საბოლოო ვერსიამ, რომელიც დღეს იქნა დამტკიცებული სენატში წერტილი დაუსვა ამ სპეკულაციებს და მათ მცდელობას რომ ვიწროპარტიული ინტერესები შემოეტანათ საქართველო–ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერთობაში. “– ამბობს ზალკალიანი.

ის სწორედ სენატორ რიშის შესწორებებს გულისხმობს, რომელიც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ივნისის ბოლოს წარადგინა და რომელშიც ჯიმ რიშის დოკუმენტში რვა მარტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობდა.

იმის გამო, ეს შესწორებები სენატის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ვერ მოხვდა, “ოცნება” დილიდან გამარჯვებას ზეიმობდა. ოპოზიცია კი საპასუხოდ ივანიშვილის გუნდს ახსენებდა, რომ საზეიმო არაფერი აქვთ და პარტნიორებისთვის პოლიტპატიმრების თემა დახურული არ არის.

ამერიკის ელჩი საქართველოში ხელისუფლებას გულშემატკივართა მითითების მოსმენისკენ მოუწოდებს.კელი დეგნანმა დღეს მხარეებს მოუწოდა,კანონპროექტი კარგად წაიკითხონ. გაიაზრონ, რა გზავნილებია იქ და რა მოლოდინი აქვს სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოსგან. “ოცნების” ხელისუფლება თავდაცვის ავტორიზაციის აქტის მიღებით კმაყოფილია, მათ შორის პრემიერმინისტრის განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის საგანგებო განმარტებები მოჰყვა.

თავდაცვის აქტი საბოლოო სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც დოკუმენტის ტექსტზე კონგრესი და სენატი შეთანხმდება. კანონპროექტზე, რომ გარკვეული პროცედურები ჯერ კიდევ გასავლელია, ამას დღეს საგარეო საქმეთა მინისტრიც ადასტურებდა.

სენატის პარალელურად ბიუჯეტის შესახებ კანონპროექტი კონგრესსაც მომზადებული აქვს. სწორედ ამ დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ამერიკის მხრიდან დაფინანსება 15 პროცენტით შეუმცირდება, მანამ სანამ ქვეყნის მთავრობა დემოკრატიის გაძლიერებისთვის კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადადგამს.