აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის $40 მილიარდის გამოყოფას

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა უკრაინისთვის დამატებით 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

კანონპროექტი პალატაში ორპარტიული მხარდაჭერით, 368-57 ხმით დამტკიცდა, რის შემდეგაც ის სენატს გადაეცემა, საბოლოოდ კი, აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი კანონპროექტს ხელს მოაწერს. სავარაუდოდ, სენატი დახმარების პაკეტს კვირის ბოლომდე განიხილავს.

თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ამ დახმარებით აშშ უგზავნის “ნათელ, ორპარტიულ გზავნილს უკრაინას, რუსეთსა და მსოფლიოს, რომ შეერთებული შტატები დგას უკრაინის ხალხის გვერდით, როდესაც ისინი იცავენ მდემოკრატიას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“.

“კანონპროექტში შეტანილი დამატებითი რესურსები საშუალებას მოგვცემს, გავაგზავნოთ მეტი იარაღი უკრაინაში. ისეთი მძიმე ტექნიკა, როგორებიცაა არტილერია, ჯავშანტექნიკა და საბრძოლო მასალა”,– თქვა მან.