აშშ–ში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ზოგიერთი შტატი კარანტინს ამსუბუქებს

აშშ–ში სულ უფრო მეტი შტატი ამსუბუქებს საკარანტინო ზომებს, მიუხედავად იმისა, რომ პასაკევს ქვეყანაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ერთ დღეში ახალ დაინფიცირებულთა გამოვლენის თვალსაზრისით. აშშ–ში ბევრად მაღალია კორონავირუსით დაინფიცირებისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადაჭარბა. გარდაცვლილია 56 000–ზე მეტი ადამიანი.

 

აქამდე კარანტინის პირობებში ცხოვრობდა აშშ–ს მოსახლეობის დაახლოებით 90%. თუმცა ამ კვირაში კარანტინის ნაწილობრივ შემსუბუქების შესახებ განაცხადეს ჯორჯიის, ოკლაჰომას, ალიასკის, სამხრეთ კაროლინას შტატები. ისინი შეზღუდვებს მომავალი კვირიდან მოხსნიან.

კოლორადოში პარასკევიდან საპარიკმახეროები და ტატუ სალონები გაიხსნება, ტენესიში მუშაობას განაახლებენ რესტორნები, მონტანაში კი კვირას კვლავ შესაძლებელი იქნება ეკლესიაში სტუმრობა, თუმცა სოციალური დისტანცირების დაცვით.

რვა შტატში, სადაც გუბერნატორი რესპუბლიკელია, მათ შორის არკანზასში, აიოვასა და ნებრასკაში, სახლში დარჩენის ბრძანება მოსახლეობისთვის არ გაცემულა.

თუმცა ქვეყნის ნაწილში საკარანტინო ზომების ნაწილი რამდენიმე თვე შენარჩუნდება.

„სოციალური დისტანცირება მთელი ზაფხულის განმავლობაში შენარჩუნდება.  ჩვენ სხვადასხვა სტადიებს გავივლით, რომ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ.„– განაცხადა თეთრი სახლის კოორდინატორმა კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლაში, დებორა ბირკსმა. მისი თქმით, ახალი დაინფიცირების შემთხვევები და სიკვდილიანობა მაისის ბოლოსკენ შემცირდება.

 

აშშ–ს პრეზიდენტმა კი ამასობაში როგორც ჩანს გადაწყვიტა ყოველდღიურ პრესკონფერენციებზე უარი თქვას. შაბათს მან ბრიფინგი გააცდინა და განაცხადა, რომ ბრიფინგები “მისი დრო და ძალისხმევა არ ღირს“ და პრესა მტრულ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.