აშშ–ში პოლიციისგან მოკლული ჯორჯ ფლოიდის ოჯახმა ხელისუფლებისგან 27 მილიონი დოლარი მიიღო

მინეაპოლისის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯორჯ ფლოიდის ოჯახთან მოილაპარაკა კომპენსაციის სახით 27 მილიონი დოლარის  გადაცემის შესახებ. სანაცვლოდ ოჯახი სასამარლთო დავას შეწყვეტს. ჯორჯ ფლოიდი გასული წლის მაისში პოლიციის მიერ დაკავებისას გარდაიცვალა.

პარალელურად მიმდინარეობს სისხლის სამართლის საქმე ყოფილი პოლიციელის, დერეკ შოვინის წინააღმდეგ, რომელიც ჯორჯ ფლოიდის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. ამჟამად ნაფიც მსაჯულთა შერჩევა ხდება, უშუალოდ სასამართლო მსმენა კი 29 მარტს დაიწყება.

ქალაქ მინეაპოლისის საქალაქო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა ფლოიდის ოჯახისთვის კომპენსაციის გადახდა სამოქალაქო საქმისწარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ.

ეს არის მინესოტას შტატის ისტორიაში გადახდილი რეკორდული კომპენსაცია.

“ის,რ ომ ყველაზე დიდი წინასასამართლო კომპენსაცია ძალადობრივი სიკვდილის შესახებ შავკანიანი მამაკაცის სიკვდილისთვის იქნა გადახდილი, მნიშვნელოვანი სიგნალია იმის შესახებ, რომ შავკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია და პოლიციური ძალადობა ნებისმიერი კანის ფერის ადამიანის მიმართ უნდა შეწყდეს“– თქვა ფლოიდის ოჯახის ადვოკატმა ბენ კრამპმა.

2020 წლის 25 მაიის პოლიციელებმა აფრო–ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი მაღაზიაში ყალბი კუპიურით გადახდაში ეჭვის გამო დააკავეს. მათ ის მიწაზე დააგდეს და ხელბორკილები გაუკეთეს. ამის შემდეგ ერთ–ერთმა მათგანს, დერეკ შოვინს რვა წუთზე მეტხანს ეჭირა ის მიწაზე დაგდებული და კისერზე მუხლით აწვებოდა. ამ ხნის მანძილზე ფლოიდმა 20–ჯერ თქვა, რომ სული ეხუთებოდა.

დაკავების მომენტის ვიდეო გამვლელმა გადაიღო და მომენტალურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში, რასაც მთელ მსოფლიოში პროტესტის ტალღა მოჰყვა. თავად აშშ–ს კი მაშტაბური პროტესტის ტალღამ გადაუარა, რომელიც ძალადობრივ პროტესტშიც გადაიზარდა.

30 მაისს საპროტესტო გამოსვლების მონაწილეები აშშ-ის მთავარ ქალაქებში მოითხოვდნენ რასობრივ სამართლიანობას. თეთრკანიანი პოლიციელის ხელში შავკანიანი კაცის სიკვდილის გამო ბრაზი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობაში გადავიდა.

დემონსტრაციები, რომელთა მონაწილეები ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო გამოახატავდნენ გულისწყრომას, გაიმართა ბევრ ქალაქში, მათ შორის, ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ატლანტაში, ჩიკაგოსა და ლოს-ანჯელესში.

მაშტაბური აქციები მიმდინარეობდა ლოზუნგით  “black lives matter”(შავი სიცოცხლე მნიშვნელოვანია) და“I can’t breathe” (ვეღარ ვსუნთქავ).

სასამართლო–სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის სიკვდილი ძალადობრივი იყო – ის გულის გაჩერების შედეგად გარდაიცვალა, რაც ასფიქსიამ, ანუ გაგუდვამ გამოიწვია.

ანალოგიურ დასკვნამდე მივიდა დამოუკიდებელი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც გარდაცვლილთა ნათესავების თხოვნით ჩატარდა.

პროკურატურამ პოლიციელების წინაამდეგ საქმე აღძრა და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შოვინს ბრალად ედება არა განზრახ მკვლელობა გაუფრთხილებლობით. მას 65 წლიანი პატიმრობა ემუქრება. დაკავებული საკუთარ დანაშაულს უარყოფს.

მისი სამი კოლეგა, რომლებიც ფლოიდის დაკავებას ესწრებოდა მკვლელობის ხელშეწყობაში არიან ბრალდებული. მათ ცალკე გაასამართლებენ.

თავის მხრივ, ფლოიდის ოჯახმა ქალაქის ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელი შეიტანა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალაქმა დაუდევრობა გამოავლინა პოლიციელების მომზადებისას და არ ათავისუფლებდა სამსახურიდან მათ, ვინც მოქალაქეების უფლებებს არღვევდა. პოლიციელის წინააღმდეგ, რომელმაც ფლოიდი მოკლა პოლიციაში მისი საქმიანობის 19 წლის მანძილზე ათეულობით საჩივარი იყო შესული.