აჭარაში რაც ტაქსებსა და პატარა მაღაზიებში ვნახე, კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა – იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ზაფხულში აჭარაში იყო ჩასული და ნახა, რომ პატარა მაღაზიებში და ტაქსებში წესებს არ იცავდნენ. მისი თქმით, “კიდევ კარგი, რომ უარესი არ მოხდა”.

“ზაფხულის განმავლობაში ერთი-ორჯერ ვიყავი აჭარაში, დიდ სუპერმარკეტებსა და სასტუმროებში ძალიან კარგად იცავდნენ ყველა წესს, მაგრამ, სამწუხაროდ, რომ გახვიდოდი ქალაქში, ძალიან ბევრ პატარა მაღაზიაში იქნებოდა თუ ტაქსისა და მიკროავტობუსში, რაც მე ვნახე, კიდევ კარგი, უარესი არ მოხდა.

წარმოიდგინეთ, სადაც უფრო მეტი კონტროლია, ვთქვათ, დიდ სუპერმარკეტებსა და ქსელებში, იქ შეიძლება, მაგრამ ყველა პატარა მაღაზიაში თითო პოლიციელს ხომ არ დააყენებ?”,– ამბობს იმნაძე.

ცნობისთვის აჭარა წითელი ზონაა. იქ ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების 100–ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. დღეს 179 ახალი შემთხვევიდან 126 აჭარაში გამოვლინდა.