ახალ ინფიცირებულს მძიმე პნევმონია აქვს, ჟანგბადდამოკიდებულია – ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 6-დან 1 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რადგან მას 4 რისკის ფაქტორი აქვს.

“არის მაღალი ასაკის, არის თირკმლის ქრონიკული დაავადებით, აქვს შაქრიანი დაავადება და პარალელურად აქვს ჰიპერტონული დაავადებაც. ამ ეტაპზე ამ პაციენტის მდგომარეობა ფასდება როგორც მძიმე, ჯერჯერობით კრიტიკული არა, ჟანგბადდამოკიდებულია. მასთან მძიმე პნევმონია გვაქვს, ლაბორატორიული მონაცემებიც მისი სიმძიმის შემაფასებელია. დაავადება ჩვენთან შემოსვლიდან ჯერჯერობით პროგრესირებს, ვნახოთ დინამიკაში როგორი სიტუაცია იქნება”,- თქვა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, 6 ახალი ინფიცირებულიდან 1 მედპერსონალია, 1 საკარანტინო სივრციდანაა, 4-ის პირველწყაროს დადგენა კი ჯერ ვერ ხერხდება და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.