ბავშვებს ურტყამდნენ სკამის ფეხებს და არ აჭმევდნენ – ბენეფიციარის დედა პანსიონზე

“ბავშვებს ურტყამდნენ სკამის ფეხებს და არ აჭმევდნენ ” – ნინოწმინდის პანსიონის ბენეფიციარების დედა ტელეკომპანია “ფორმულასთან” საუბარში აცხადებს, რომ მის ორ შვილზე პანსიონში ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობა ხორციელდებოდა. მისი თქმით, ბიჭები პანსიონში 2012 წელს, რამდენიმე თვით მოხვდნენ, მას შემდეგ, რაც ქალს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და ის კომაში ჩავარდა. ბენეფიციარების დედა განსაკუთრებულ სისასტიკეში მაშინდელ ზედამხედველს ადანაშაულებს. მისი თქმით, პანსიონში დასჯის მეთოდი იყო საჭმლის გამოტოვება და ყურება როგორ ჭამდნენ  სხვა ბავშვები.

“ცემა იყო მანამდეც, ცემა იყო მაშინაც და სულაც არის ცემა. ეგ სახლი უნდა დაიხუროს და მსგავსი ტიპის კონსლაგერები, სადაც ბავშვებს აწამებენ. იყო სკამის ფეხით და საზურგეებით ცემა.უმცროსს მეტად უჭირდა ჩემთან განშორება. ნუ ტირიხარო ეუბნებოდა [ზედამხედველი], რაზეც უფრო ტიროდა. ხშირად რომ ვერ ტიროდა, ტუალეტში გასვლას იმიზეზებდა და როცა მართლა უნდოდა ტუალეტში, აღარ უშვებდა და ადგილზე ასაქმებინებდა. ამას მოსდევდა ცემა, მთელი სისასტიკით, გაშიშვლება, ცივი წყლით დაბანვა. თუ ბევრს იტირებდა, როცა წვებოდა და თავზე იფარებდა, და ისე ტიროდა, გულო მივარდებოდა და ურტყამდა. ჰყავდათ ერთი ბიჭი. ჩემი შვილის ასაკის, საყლაპავი მილის პრობლემები ჰქონდა და მასაც სჯიდნენ”, – თქვა მან.