ბავშვს რამე არ დაემართოს, ილოცეთ – გვარამია ქართულ ოცნებას

მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მიდის ქარელში, სადაც მათი ოპერატორი ოცნების შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდეს.

“მივდივარ ქარელში. ჩემი ჯგუფი გადაღებაზე იყო ქარელში (ბექა ყორშია და ლევან აბლოთია). ქართული ოცნების შტაბის მეორე სართულიდან, ოცნების წევრებმა გადმოაგდეს ჩვენი ოპერატორი, რომელიც ახლა გადაყავს ქარელის საავადმყოფოში სასწრაფოს.

ირაკლი კობახიძევ, ლექსო ლაშქარავა კვადრატში გვჭირდებაო, ოპოზიცია ამბობსო, თუ რა შხამს აფრქვევდი შე ნაძირალა?! შენი პარტიის ქარელის ოფისიდან, შენივე პარტიის წევრებმა რომ გადმოაგდეს ადამიანი, ეს ოპოზიცია იყო? თუ ბექა ყორშიას დააბრალებ თავისივე ოპერატორის გადმოგდებას? თუ თვითონ გადმოხტა? ან იქნებ კაიფში იყო და გადმოვარდა? ბავშვს რამე არ დაემართოს, მაგაზე ილოცეთ ქართული ოცნება”,– წერს გვარამია.

მთავარი არხის განცხადებით, ქარელში მათი ოპერატორი ქართული ოცნების ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს. მისი მდგომარეობა მძიმეა და საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ჟურნალისტი ბექა ყორშიას განცხადებით, მას სავარაუდოდ ფეხი აქვს მოტეხილი და მძიმედ აქვს დაზიანებული მხარი. მისი თქმით, ისინი ზაზა გულიაშვილის შტაბში მივიდნენ და კითხვები დასვეს, რასაც შტაბის წევრებისგან აგრესია მოჰყვა.

ყორშია აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის წევრებმა ფიზიკურად იძალადეს მასზეც.