ბათუმის პორტში დასაქმებულ პირს COVID-19 დაუდასტურდა

ბათუმის პორტში დასაქმებულ ერთ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. პორტის გენერალური დირექტორი მეირამხან ადილხანოვი აცხადებს, რომ პორტის თანამშრომლებს ტესტირება რეგულარულად უტარდებათ.

მისივე ინფორმაციით, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ყველა თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.

„ერთი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ჩვენს თანამშრომელს „კოვიდ 19 ” დაუდასტურდა. მოვისმინე ერთ-ერთი მედიასაშუალებით ინფორმაცია, რომ თითქოს ორი ინფიცირებულია პორტში. ეს არ არის სიმართლე. ვიმეორებ, მხოლოდ ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.

ვმუშაობთ სტაბილურად, ჩვეულ რეჟიმში. არ გვაქვს არანაირი მიზეზი სამუშაოს შეჩერების. ჩვენ ყველა თანამშრომელს რეგულარულად უტარდება ტესტირება.

თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტესტირება, ვიდრე სამჯერ არ ჩაიტარებენ „პისიარ“ ტესტირებას, სამსახურში ვერ დაბრუნდებიან.

პორტი მუშაობს სტაბილურად და პორტში სამუშაოების შეჩერება არ იგეგმება”, – განაცხადა მეირამხან ადილხანოვმა.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 57 შემთხვევა დაფიქსირდა.