ბათუმი-ხელვაჩაურის ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა – თორნიკე რიჟვაძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსის სამარშუტო ხაზზე, რომელიც მოძრაობს ბათუმი-ხელვაჩაურის მიმართულებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მისივე თქმით, COVID-19 მიკროავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.

თორნიკე რიჟვაძე მოუწოდებს იმ პირებს, ვინც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით იმგზავრეს, მიმართონ შესაბამის ცენტრებს და ჩაიტარონ ტესტირება.

მისი თქმით, ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი კარავი დაემატა, სადაც მოქალაქეები და სტუმრები კორონავირუსზე ტესტირების გავლას უფასოდ შეძლებენ.

“გამკაცრდება მონიტორინგი და გაიზრდება მოთხოვნები საზოგადოებრივი კვების ყველა ობიექტის, მათ შორის ღამის კლუბების მიმართ. ასევე, მათ მოვუწოდებთ, დეზინფექციისა და პერსონალის ტესტირების ნაწილში ჰქონდეთ მაქსიმალური კოორდინაცია. ყველა ეს ნორმა და რეკომენდაცია უნდა იყოს დაცული, ვინაიდან ახლა ჩვენი შვილებისა და მოხუცების მიმართ რისკები კიდევ უფრო მოიმატებს. შესაბამისად, უკვე შეჩვეული რეკომენდაციები, განსაკუთრებით, როგორიც იყო პირბადის ტარება, სოციალური დისტანცირება და სხვა, უნდა იქნას შესრულებული, რომ ჩვენ ყველამ ერთად, გავაგრძელოთ ამ ყველაფრის მშვიდად, ეფექტურად მართვა და საბოლოო ჯამში დავამარცხოთ ეს ყველაფერი”, – ამბობს რიჟვაძე.