ბათუმში ზღვის მიერ გამორიყული ნაღმი აფეთქდა

დღეს საღამოს ბათუმში, აფეთქების ხმა ისმოდა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ სანაპირო ზოლთან, ზღვაში კვამლი ამოდის. სავარაუდოდ აფეთქდა საზღვაო ნაღმი, რომელიც ზღვამ გამორიყა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ საზღვაო ნაღმები შავი ზღვის სანაპიროებზე არაერთხელ გამოირიყა.

შინაგან საქემთა სამინისტრო ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

უწყების ცნობით, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველები და „ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება“.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში შემოვიდა შეტყობინება ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე გამოცხადნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე, ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც.

ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს.