ბათუმში მოქალაქემ 3-სართულიანი სახლი ტროტუარზე ააშენა

ფოტო: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბათუმში, მარუხის ქუჩაზე, მოქალაქემ სამსართულიანი სახლი ტროტუარზე ააშენა და გზის სავალი ნაწილი ჩახერგა. ამის ამსახველ ფოტოს, ”აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლი” ავრცელებს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, სამსართულიანი სახლი უნებართვოდაა აშენებული.ამასთან დაკავშირებით მერიამ განცხადებაც გაავრცელა:

“2019 წელს აღნიშნული მიწის ნაკვეთის მესაკუთრემ, მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურს მიმართა. განმცხადებელს უარი ეთქვა სივრცით-მოცულობითი თვალსაზრისიდან გამომდინარე, ვინაიდან სამშენებლო ტერიტორია მოიცავდა საავტომობილო გზის ნაწილსაც. აღნიშნულ მონაკვეთში კი მშენებლობის წარმოება ჩაითვალა მიუღებლად.დისციპლინური წარმოება დაიწყო მუნიციპალიტეტის იმ თანამშრომლებთან მიმართებაში, რომელთაც, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ ევალებოდათ ფაქტზე რეაგირება”, – ნათქვამია განცხადებაში.

“აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებლმა” სახლის მეპატრონეს, გელა გოგუაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ სახლის დემონტაჟს არ აპირებს რადგან მისი წინაპრების მიწაზეა აშენებული.

”სახლი აშენებულია ეზოში, ერთი სანტიმეტრიც არაა გადმოსული ეზოს. ვერავინ ვერ შემედავება მაგაზე. მერია იყო კი მოსული და ჯარიმაც გამომიწერეს. ვიღაცამ სურათი გადაიღო მეორე მხრიდან. 26 წელი აქ ვცხოვრობთ, ჩემი წინაპრებიც. იყო ძველი ეზო, შენობა-ნაგებობები შიგნით იყო. ნელ-ნელა საძირკველი ჩაისხა და მშენებლობა ახლა დასრულდა. სასამართლოში ვიდავებ, სახლის დემონტაჟს არ ვაპირებ” – აცხადებს,  გელა გოგუაძე.