აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ყოფილი სიძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ბათუმში 1994 წელს დაბადებული რ. ი. ცხელ კვალზე დააკავეს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ღამის საათებში, ურთიერთშელაპარაკებისას, დის ყოფილ მეუღლეს – 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა”,-წერია შსსს განცხადებაში.
პოლიციამ დანაშაულის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.