შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა CBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში ამერიკელი სამხედროები ტაივანს დაიცავენ.

თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ტაივანთან მიმართებით აშშ-ს გრძელვადიანი სტრატეგია სტრატეგიული ორაზროვნების შესახებ არ შეცვლილა.

ჟურნალისტის კითხვაზე – “დაიცავენ თუ არა შეერთებული შტატების ძალები, შეერთებული შტატების კაცები და ქალები ტაივანს, ჩინეთის შეჭრის შემთხვევაში” – ამერიკის პრეზიდენტს მოკლე პასუხი ჰქონდა. „დიახ“ – თქვა ჯო ბაიდენმა.

ორშაბათს ამერიკის პრეზიდენტის ეს განცხადება ჩინეთმა გააკრიტიკა. პეკინში მიაჩნიათ, რომ ტაივანი ჩინეთის ნაწილია. საპასუხო განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა სმაინისტროში გაკეთდა, ისე რომ მათ არ დაუსახელებიათ ამერიკის პრეზიდენტის სახელი და გვარი.

„შეერთებული შტატების შენიშვნები“ არღვევს ვაშინგტონის ვალდებულებას, არ დაუჭიროს მხარი ტაივანის ოფიციალურ დამოუკიდებლობას, ეს ნაბიჯი კი გამოიწვევს ომს, თქვა პეკინის წარმომადგენელმა.

ვაშინგტონი ამ დრომდე არ აღიარებს ტაივანის დამოუკიდებლობას, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ტაივანთან მიმართებაში პოლიტიკური პოზიცია არ შეუცვლია და ამერიკის სურვილია ტაივანის სტატუსის გადაწყვეტა მშვიდობიანი გზით მოხდეს. ბაიდენის ადმინისტრაციას არ დაუზუსტებია, გააგზავნის თუ არა ამერიკის შეერთებული შტატები ჯარს ტაივანში, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი კუნძულზე შეიჭრება.

რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ჩინეთი ცდილობს ტაივანის დაშინებას და ატარებს სამხედრო წვრთნებს, კუნძულის მიმართულებით ისვრის რაკეტებს. ჩინეთს და ამერიკას შორის ურთიერთობა კიდე უფრო გართულდა მას შემდეგ, რაც ტაიპეიში ამერიკის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი იმყოფებოდა.

პელოსის შემდეგ ტაივანში არაერთი ამერიკელი კანონმდებელი იმყოფებოდა, როგორც სენატიდან, ასევე წარმომადგენელთა პალატიდან. ჩინეთის ქმედებებს ტაივანთან მიმართებაში გმობენ კონგრესის ორივე პარტიის წარმომადგენლები, როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი კანონმდებლები.

წყარო : ამერიკის ხმა