ბარსელონას მცველს სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდასტურდა

„ბარსელონას“ ფეხბურთელს, სამუელ უმტიტის კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაცია ამის შესახებ კატალონიური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა.

„13 აგვისტოს ჩატარებული PCR-ტესტირების დროს სამუელ უმტიტის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ფეხბურთელს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, ის თავს კარგად გრძნობს და თავის სახლში, კარანტინში იმყოფება. კლუბმა ამის შესახებ შესაბამის სპორტულ და სამედიცინო უწყებებს აცნობა. ინფიცირებულ ფეხბურთელთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანი ტესტირებას გაივლის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

26 წლის ფეხბურთელი ივლისის თვიდან მუხლის ტრავმის გამო თამაშებში აღარ მონაწილეობდა, შესაბამისად, ის არც უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის შემადგენლობაში ყოფილა. შეგახსენებთ, რომ “ბარსელონა” გუშინ გამართულ ჩემპიონთა ლიგის მატჩში “ბაიერნთან” 8:2 დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.