ბატონი ჩალაძე და ქალბატონი კვესიტაძე თვლიან, რომ ფსიქიკური პრობლემები მაქვს – ცერცვაძე

თენგიც ცერცვაძე ამბობს, რომ ენმ-ს წევრი გიორგი ჩალაძე და მთავარი არხის წამყვანი ეკა კვესიტაძე მასზე ფიქრობენ, რომ ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

“4 მარტს „მთავარმა არხმა“ გადაცემა „მთავარში“ გაუშვა სიუჟეტი, სადაც ჯერ გამოიგონა, რომ „ცერცვაძე ვაქცინაციის ეფექტიანობას ეჭვის ქვეშ აყენებს?! (ცხადია, მსგავსი არსად არაფერი მითქვამს), ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ახლადმოვლენილ სახეს ბ-ნი გიორგი ჩალაძეს ათქმევინა, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს?! დიახ, ბ-ნი ჩალაძე და ქ-ნი კვესიტაძე თვლიან, რომ მე ფსიქიკური პრობლემები მაქვს. როგორ მოგწონთ?”,– წერს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.

ცერცვაძის თქმით, ხელისუფლებაში ჩალაძისნაირი ადამიანები შეიძლება მოვიდნენ, თუ მაყურებელი “სწორ არჩევანს არ გააკეთებს”.

“ადრე ბ-ნი ჩალაძე ჩემს ციხეში ჩასმასაც ითხოვდა, რადგან ყელში ვყავართ გაჩხერილი და ხელს ვუშლი, რომ ქვეყანაში აპოკალიფსის სურათი დახატონ. ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანაში ბევრი COVID-19-ით ინფიცირებული და ბევრი გარდაცვლილი იყოს, რომ ხალხი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ აამხედრონ. სხვათაშორის, ეს ის ჩალაძეა, რომელიც 1 კვირაა ატყუებს მოსახლეობას, რომ მას შეუძლია დღესვე შემოიტანოს ქვეყანაში ვაქცინის 1 მილიონი დოზა?! მაგრამ მთავრობა ამის ნებას არ აძლევს?! მე ვურჩევ ტელემაყურებლებს ყურადღებით ადევნონ თვალი ბ-ნ ჩალაძის პერსონას, რათა იცოდნენ თუ რა ტიპის ადამიანები შეიძლება მოვიდნენ ხელისუფლებაში, თუ ისინი სწორ არჩევანს არ გააკეთებენ”,– აცხადებს თენგიც ცერცვაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ “ვაი ტელევიზიები” და “ვაი ექსპერტები” რევოლუციური მუხტის შექმნას ცდილობენ.

“საკმარისია ხმა ამოვიღოთ ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიის წარმატებით მართვაზე და/ან რომელიმე ქვეყანას შევედაროთ, რომ ეს ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები ისე შეიცხადებენ, გეგონებათ რაიმე ტაბუდადებულ თემას შევეხეთ და მკრეხელობა ჩავიდინეთ. მიზეზი – როგორ შეიძლება ქვეყნის დღევანდელი ხელმძღვანელობის პირობებში ქვეყანაში რაიმე კარგი და წარმატებული ხდებოდეს. მაშინ რევოლუციური მუხტი საიდან მოვიტანოთ? ისინი ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობა დააარწმუნონ, რომ „ლუზერები“ ვართ”,– წერს თენგიც ცერცვაძე.