ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი – დევნილების პასუხი

სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები ეხმიანება ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებას, რომელმაც დევნილის თვითმკვლელობაზე თქვა, რომ პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევა იყო და ის არ უნდა დავუკავშიროთ დევნილების პრობლემას.

საერთო განცხადებაში იძულებით გადაადგილებული პირები ამბობენ, რომ ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, არამედ ის სახელმწიფო უწყებებმა თავიანთი გულგრილობით გაწირეს. მათივე თქმით, სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა.

“სამწუხაროა, რომ დევნილების ხმა მხოლოდ ტრაგედიების ფონზე ისმის და ძალიან უხერხულია აქ რომ ვსხედვართ და ვსაუბრობთ, მაშინ როცა, გუშინ ადამიანი გარდაიცვალა და აქვე გვერდით ასვენია. სამარცხვინოა ის პათოსი და ის აგორებული ნარატივი, რასაც გუშინდელის მერე ვაწყდებით. ჯერ კიდევ დილით, როდესაც პრესკონფერენციას ვგეგმავდით, გვქონდა ეჭვი, რომ სახეზე იყო მცდელობა ტრაგედიის ნამდვილი მიზეზი სხვადასხვა საკითხით გადაფარვის. ჯანდაცვის მინისტრმა ჩვენი ეჭვი დაადასტურა და მან განაცხადა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა. პასუხისმგებლობას ეს უწყება ისევ არ იღებს და როგორც ჩანს, არც აპირებს.

დღეს, როცა უნდა ვგლოვობდეთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად, ვდგავართ აქ. ბატონო მინისტრო, ამ ქვეყანაში ადამიანები კვდებიან ნამდვილი და სასტიკი სიკვდილით, ამ ქვეყანაში ადამიანებს კლავთ გულგრილობა, უიმედობა და სასოწარკვეთა. სწორედ ეს გახდა ამ ტრაგედიის მიზეზი და ამ პასუხისმგებლობას ვერსად გაექცევით.

გამოითქვა ვარაუდები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, ნივთიერებების ავადმოხმარების, კონფლიქტის — ველოდებით სხვა ვერსიებსაც. შესაძლოა, სხვა ვერსიებიც შემოგვთავაზონ. ეს არის მცდელობა სასოწარკვეთაში მყოფი ადამიანის ღირსების შელახვის. კორელაცია სასმელსა და თვითმკვლელობას შორის არ არსებობს, მაგრამ ნამდვილად არსებობს კავშირი სუიციდსა და სასოწარკვეთას შორის.

სამწუხაროა, რომ 3 ათწლეულის მანძილზე დევნილთა საკითხები არ გახდა სოციალური პოლიტიკისთვის პრიორიტეტი და დღესაც, ამ ტრაგედიის ფონზე, მაშინ როცა ყველა თავდახრილი უნდა დავდიოდეთ, მაშინ, როდესაც, მინიმუმ სინდისი უნდა გვაწუხებდეს და საკუთარ პასუხისმგებლობას ვიაზრებდეთ, რას ვაკეთებთ? რა განცხადებებს ავრცელებს უწყება, რომლის პირდაპირი პასუხისმგებლობაა დევნილთა კეთილდღეობა.

გუშინ ფიზიკურად იცავდა მოსახლეობა მიცვალებულს, სწორედ იმიტომ, რომ მისი სახელი ლაფში არ ამოესვარათ, რისი არაერთი მაგალითიც გვაქვს, სამწუხაროდ, ქვეყანაში. ჩვენ სანატორიუმ ქართლში მცხოვრები დევნილები, დავიცავთ ჩვენი მეზობლის, ჩვენთვის შეწირული ბატონი ზურის არა მხოლოდ ცხედარს, არამედ სახელსაც. სრულიად სამარცხვინო და ამორალურია, ის განცხადებები, რაც ვრცელდება. ეს არ ყოფილა უბედური შემთხვევა, მოუცლელო ბატონო მინისტრო, გულგრილმა პოლიტიკამ გაწირა ადამიანი. არცერთი ნაბიჯი არ გადადგმულა იმისთვის, რომ ეს ტრაგედია აგვერიდებინა და სხვა ოჯახები იყვნენ დაცულები”, — ამბობენ ისინი.

ცნობისთვის, გუშინ სანატორიუმ ქართლის მცხოვრებმა დევნილმა კაცმა პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა, ის შენობის სახურავიდან გადმოხტა. ამის შემდეგ სამინისტრომ განაცხადა, რომ “ქართლში” მცხოვრებ დევნილებს ბინებს უპირობოდ გადასცემენ.