ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე მოვუწოდეთ ბელარუსს, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლებულიყო – ზალკანიანი

ბელარუსი ჟურნალისტის საქმეზე მოვუწოდეთ ბელარუსს, რომ უკანონოდ დაკავებული ყველა ადამიანი გათავისუფლებულიყო- ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბელარუსი ჟურნალისტის დაკავებაზე კომენტირებისას განუცხადა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ შევუერთდით ევროკავშირის განცხადებას, რომელიც იქნა მიღებული ამ ინციდენტთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირაა საუბარი საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევაზე და საქართველო არის თანამონაწილე და ჩვენ ამ განცხადების ხელმომწერი ვართ. ჩვენ ყველანაირად ვიქნებით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გვერდით იმისთვის, რომ ფუნდამენტური უფლება – ადამიანის უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, 24 მაისს, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. Ryanair- ის თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა და რომელშიც ჟურნალისტიც იმყოფებოდა, ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა. ონლაინ ქსელმა Nexta-მ განაცხადა, რომ მისი ყოფილი რედაქტორი რომან პროტასევიჩი დააკავეს. ქვეყნის ოპოზიციონერების თქმით, ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბორტზე მყოფი ჟურნალისტი დაეპატიმრებინათ. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, მაგრამ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.