ბელარუსში რადიო თავისუფლების თანამშრომლები ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ

ბელარუსში ავტოკატასტროფაში დაიღუპა რადიო თავისუფლების ტელეარხ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ (Current Time-ის) პროექტის, „უცნობი ბელარუსის“ ორი თანამშრომელი: ვლადიმირ მიხაილოვსკი და მაქსიმ გავრილენკო.

მათთან ერთად მყოფი რეჟისორი, ლიუბოვ ზემცოვა კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება საავადმყოფოში.

„ეს არის ყველაზე ცუდი ამბავი, რაც კი შეიძლება არსებობდეს“, განაცხადა რადიო თავისუფალი ევროპა/ რადიო თავისუფლების (RFE/RL) პრეზიდენტმა ჯეიმი ფლაიმ. „ეს ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები იყვნენ შესანიშნავი, ნიჭიერი და შემოქმედებითი ადამიანები, ისინი იყვნენ მონაწილე ახალი ინიციატივისა, რომელიც დავიწყეთ, რათა ბელორუსიის შესახებ გვქონოდა საუკეთესო ამბები მათთვის, ვინც ცოტა, ან არაფერი იცის ამ ქვეყნის ხალხის შესახებ“. „ისინი თავიანთ საქმეს ასრულებდნენ სიახლისა და იმედის სულისკვეთებით, რასაც ყველა ვგრძნობდით, თქვა ფლაიმ და მიხაილოვსკისა და გავრილენკოს დაკარგვას „გამანადგურებელი“ უწოდა. „ ჩვენ რადიო თავისუფალ ევროპა/ რადიო თავისუფლებაში ყველა ვიმედოვნებთ და ვლოცულობთ, რომ ზემცოვა გადარჩეს, დასძინა ფლაიმ და აღნიშნა, რომ ზემცოვას 14 მაისს დაბადების დღე ჰქონდა.

მანქანას, რომელშიც ჟურნალისტები ისხდნენ, შეეჯახა საპირისპირო მიმართულებით, შემხვედრ ზოლზე მომავალი ავტომობილი.

შემთხვევა მოხდა ჰომელიდან მინსკისკენ მიმავალ ავტომაგისტრალზე. პროექტის მონაწილეები იღებდნენ პროგრამას მოხალისეების შესახებ, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს ექიმებს ეხმარებოდნენ.

„უცნობი ბელარუსი“ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ახალი პროექტია, ეთერში გავიდა მისი ოთხი ეპიზოდი.

წყარო: რადიო თავისუფლება