ბელორუსში სამშობლოს ღალატის მუხლისთვის სიკვდილით დასჯა შემოიღეს

ბელორუსის რესპუბლიკის ნაციონალური კრების წარმომადეგენლთა პალატამ მეორე და ბოლო მოსმენით მიიღო კანონი სახელმწიფო ღალატის მუხლის ბრალდებისთვის სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ.

კანონი თანამდებობის პირებზე ვრცელდება.

“კანონი ითვალისწინებს სიკვდილით დასჯის სახით გამონაკლისი სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას საჯარო თანამდებობის პირებისთვის და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებისთვის, რომლებმაც ჩაიდინეს სსკ-ის 356-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სამშობლოს ღალატი“–ნათქვამია პალატის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

კანონი დეპუტატებმა პირველი მოსმენით 2022 წლის 7 დეკემბერს მიიღეს, მეორე მოსმენით მიღების შემდეგ კი ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

კანონით ასევე წესდება ჯარიმის ოდენობა “ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულებისთვის“ 500–დან 50 000–მდე ბელორუსული რუბლის ოდენობით.

გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს შპიონაჟში, სახელმწიფო ღალატსა და სხვა ანტისახელმწიფოებრივი დანაშაულისთვის დაკავების ვადის გაზრდას 10 დღემდე, ბრალდების წარდგენის ვადის გაზრდას 20 დღემდე დაკავების მომენტიდან. ბელორუსი კანონმდებლების თქმით ეს იმით აიხსნება, რომ ოპერატიულ–საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად აქამდე არსებული ვადა – 72 საათი ხშირად საკმარისი არ არის.

ახალი კანონი ასევე აწესებს პასუხისმგებლობას “მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის“, რომელიც ახდენს  შეიარაღებული ძალების, სხვა ჯარების და სამხედრო ფორმირებების, ბელორუსის გასამხედროებული ორგანიზაციების დისკრედიტაციას.