“ბერა გააჩერეს და შეეშინდა” – როდის გაწყვიტა ივანიშვილმა წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა იხსენებს, რომ საკნების აქციის დროს ბერა ივანიშვილი შეაშინეს, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობა აღარ ჰქონია.

უგულავას თქმით, ივანიშვილმა სააკაშვილს უთხრა, რომ მომდევნო მმართველი ერთად უნდა შეერჩიათ.

“როცა თბილისში საკნების აქცია იყო და ცენტრალური უბნები პარალიზებული იყო, მოხდა იქ რაღაც კონფუზი. თუ არ ვცდები, ბერა გადაადგილდებოდა 2 შავი მანქანით და სამთავრობო მანქანა ეგონა მაშინდელ ოპოზიციას, დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. გააჩერეს, ასაკით პატარა იყო და შეეშინდა.

ამაზე მისცა ივანიშვილმა რეაქცია და გამოვიდა კომუნიკაციაზე სხვადასხვა მეგაიდეებით. დაახლოებით ასეთი ტექსტი იყო, მიმართავდა სააკაშვილს: “მე და შენ, ჩვენ ერთად უნდა მოვიფიქროთ, ვინ იქნება მომდევნო მმართველი”. კონტექსტიდან ამოვარდნილი წინადადება იყო და სერიოზულად არავის არ აღუქვია. ამის მერე, 2009 წლის შემდეგ, სანამ ივანიშვილი გამოვიდოდა პოლიტიკურ ასპარეზზე არანაირი კომუნიკაცია ხელისუფლებიდან არავის აღარ ჰქონია”,– ყვება გიგი უგულავა ტვ პირველის ეთერში.