ბიბლიური “არმაგედონის” რისკი უმაღლესია 1962 წლის შემდეგ – ბაიდენი

რუსეთის ბირთვული მუქარით კაცობრიობისთვის შექმნილი საშიშროება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1962 წლის ოქტომბერში შექმნილ 35-დღიან მწვავე საერთაშორისო დაპირისპირებას, როცა ამერიკა და საბჭოთა კავშირი ბირთვული ომის კატასტროფის ზღვარზე იყვნენ. მაშინ საბჭოთა კავშირმა, რომლის ლიდერი ნიკიტა ხრუშჩოვი იყო, ბირთვული ბალისტიკური რაკეტები კუბაში განალაგა. ჯონ კენედის პრეზიდენტობით, შეერთებულმა შტატებმა კი ანალოგიური რაკეტები თურქეთში და იტალიაში გაამზადა.

“არმაგედონის რეალობის წინაშე კენედის და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არ ვყოფილვართ” – თქვა ბაიდენმა 6 ოქტომბერს, დემოკრატ დონორებთან ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე გამოსვლის დროს. ბაიდენის თქმით, ის საკმაოდ კარგად იცნობს პუტინს და ხვდება, რომ რუსეთის პრეზიდენტი არ ხუმრობს, როცა მასობრივი განადგურების შეიარაღებაზე, “ბირთვულ, ან ბიოლოგიურ, ან ქიმიურ იარაღზე” საუბრობს. ამერიკის პრეზიდენტის აზრით, არ არსებობს “ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების იოლი გზა ისე, რომ ის არმაგედონით არ დასრულდეს”.

ვლადიმერ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი რუსეთის ტერიტორიის დასაცავად. ამ სიტყვებმა კვლავ გამოიწვია მსოფლიოში სერიოზული შეშფოთება იმის თაობაზე, რომ რუსეთის პრეზიდენტმა შეიძლება უკრაინაში პატარა “ტაქტიკური“ ბირთვული აფეთქება მოაწყოს. აშშ–ს პრეზიდენტმა პუტინი გააფრთხილა, რომ ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზული ესკალაცია იქნება.

შეუძლია თუ არა რუსეთის არმიას უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება და რა საფრთხე არსებობს რეალურად?