ბიულეტენების ჩაყრას და კარუსელებს პარალელური დათვლა ვერ იჭერს – ჯაფარიძე ISFED-ზე

გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ISFED–ის დაშვებულ შეცდომას ეხმიანება და ამბობს, რომ ისინი უბრალოდ ოქმებს ითვლიან და გაყალბებას პარალელური დათვლა არ აჩვენებს.

“არამგონია ბოდიში გვქონდეს მოსახდელი. ISFED-ის განცხადება, ერთადერთს, რასაც ამბობს, ისაა, რომ მათ შესაძლოა დაუშვეს მათემატიკური შეცდომა ოქმების გადათვლაში და იმასაც ამბობს, რომ ასეთი ცუდი არჩევნები ქვეყანაში ჯერ არ ჩატარებულა, 8% ხელახლა არის გადასათვლელიო”,– ამბობს ზურაბ ჯაფარიძე მთავარი არხის ეთერში.

მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშიც კი ეწერა, რომ არჩევნებზე იძულება, მოსყიდვა, შანტაჟი, კარუსელები და სხვა დარღვევები იყო.

“უამრავი დარღვევები არის ისეთი, რომელსაც უბრალოდ ვერ იჭერს პარალელური დათვლა. წარმოიდგინეთ, რომ ოქმი დგება და ამ ოქმებს ითვლიან. ჩემი აზრით, ოპოზიციას პრობლემა აქვს ის, რომ იმ ოქმებზე არის ოპოზიციის წარმომადგენლების ხელმოწერა. მაგაზე ოპოზიციას პასუხი აქვს გასაცემი. გირჩს არ ჰქონდა ეგ რესურსი, რომ მაგდენი კომისიის წევრები ჰყოლოდა.

ის, რომ იქ უამრავი ოქმები იყო დაუბალანსებელი, არის ბიულეტენების მეტობა, ნაკლებობა, რაც ერთი მხრივ ჩაყრაზე მიუთითებს და მეორე მხრივ, კარუსელებზე, ამას PVT (პარალელური დათვლა) ვერ იჭერს”,– ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.

ცნობისთვის, სამართლიანმა არჩევნებმა (ISFED) შიდა აუდიტი ჩაატარა, რის შედეგადაც გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. შედეგად, ქართულ ოცნებას არჩევნებზე ხმების 45.8%-ის ნაცვლად 47.6% აქვს. სამართლიან არჩევნებში აცხადებენ, რომ ეს სხვაობა გავლენას არ ახდენს არცერთი საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობაზე.