ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან რამდენჯერმე გაისროლეს – ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან, საპროტესტო აქციის დროს, სამჯერ გაისროლეს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, თუმცა ამ დრომდე  ის პირი, ვინც გაისროლა, იდენტიფიცირებული არ არის. ადგილზე  ექსპერტ-კრიმინალისტები მივიდნენ. ისინი შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ, ადგილზე იმყოფებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებიც.

აქტივისტების განცხადებით, სროლის ხმა მაშინ გაისმა, როცა ისინი აქციას მართავდნენ, რითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.

როგორც ჟურნალისტებს აქციის მონაწილე ბესიკ გაზდელიანმა განუცხადა, ბიზნესცენტრთან სროლის ხმა დაახლოებით ხუთჯერ, აქტივისტების დასაშინებლად გაისმა.

“ვიღაცამ გაისროლა, როგორც ჩანს, ალბათ, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი იყო. ამოიარა მანქანით. ვერ დავინახეთ, მაგრამ ამ ყველაფრის ნახვის საშუალება აქვს კამერას, რომელიც ყოველ ნაბიჯზეა. დაახლოებით 5- ჯერ გაისროლა ვიღაცამ აქ მყოფი პროტესტანტების დასაშინებლად”, – განაცხადა ბესიკ გაზდელიანმა.