ბოდიში მოიხადონ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა – აბაშიძე

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ზაზა აბაშიძე ბოლნისში, სოფელი მუშევანის ინციდენტზე სოციალურ ქსელში მიერ მიერ გაკეთებულ კომენტარზე შეფასებებს ეხმაურება და ამბობს, რომ რაც თქვა, ეხებოდა ყველას – აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს, საქართველოს ყველა მოქალაქეს.

აბაშიძე ადამიანებს, ვინც ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა, ბოდიშის მოხდას სთხოვს.

მის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

,,მეგობრებო, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა მიმოწერამ ჩემს მეგობრებთან, ამიტომ, უპირველესად, მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას უცენზურო სიტყვების გამო. მაგრამ, თავს ვალდებულად ვრაცხ განვმარტო ჩემი პოზიცია:

ჩემი სიტყვები მუშევანის ამბებთან დაკავშირებით აიტაცეს ვაი-პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტების ნაწილმა და რეზულტატიც: ვარ მკვლელი, ფაშისტი, უვიცი, გაუნათლებელი მეცნიერუშკა, აგენტი და, რაც მთავარია ეროვნული შუღლის გამღვივებელი! ეს ცილისწამებაა (თუმცა, ამის დამწერნი სხვას რას აკეთებენ!?).

არც ერთი შეურაცხმყოფელი სიტყვა, არც ერთ ერზე ჩემს მეგობრებთან მიმოწერაში არ არის! პირიქით, აღნიშნულია, რომ ეს ეხება ყველას-აზერბაიჯანელს, ქართველს, რუსს- საქართველოს ყველა მოქალაქეს!

ყველას, ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად არღვევს საგანგებო რეჟიმს და, ამით საფრთხეს უქმნის სხვას, იქცევა ვირუსის გამავრცელებლად და პრაქტიკულად მკვლელად! ზუსტად იგივეს დავწერდი, მსგავსი ფაქტი რომ მომხდარიყო საქართველოს ნებისმიერ კუთხესა თუ სოფელში.
აი, ჩემი კომენტარების შინაარსი მეგობრის სტატუსზე უცენზურო სიტყვების გარეშე!

რაც შეეხება აჟიოტაჟს, როგორც ჩანს ამ ვაი-პოლიტიკოსებს მართლა აღარაფერი აქვთ სათქმელი და ქართული ანდაზისა არ იყოს „მიზეზ-მიზეზ დოს მარილი აკლია“.

ასევე მოვუწოდებ ბოდიში მოიხადონ მათ, ვინც ჩემი სიტყვები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობად წარმოაჩინა”,- წერს ზაზა აბაშიძე.

რამდენიმე დღის წინ ზაზა აბაშიძემ ერთ-ერთი პოსტის კომენტარში დაწერა , რომ მარნეულის სოფლის მაცხოვრებლები – “უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!”.

ამის შემდეგ პარტია ევროპულმა საქართველომ ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან მოხსნა და მის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების მიღება მოითხოვა.