ბოიკოტის რეჟიმში საბიუჯეტო დაფინანსების აღება ნონსენსია – ჯაფარიძე

პარტია გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ბოიკოტის რეჟიმში ოპოზიციური პარტიების მიერ დაფინანსების აღება ნონსენსია.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიების ბოიკოტი ძალაში დარჩება, გირჩი საბიუჯეტო დაფინანსებას არ მიიღებს.

“პარტიას რესურსი სჭირდება, ამიტომ საბიუჯეტო დაფინანსების აღება მოსულა. ბოიკოტის რეჟიმში – არის ნონსენსი. მაშინ დავაკონკრეტოთ რას ვგულისხმობთ ბოიკოტში:

პარლამენტარის ხელფასი რესურსი არ არის?  პარლამენტარის თანაშემწის ხელფასი რესურსი არ არის? საპარლამენტო დელეგაციებში ადგილები, მივლინებები და საერთაშორისო კონტაქტების გაჩენა/გამყარება? სადეპუტატო იმუნიტეტი? პარლამენტარების ოთახები?

მაშინ ვთქვათ, რომ ბოიკოტი გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ კანონშემოქმედებით საქმიანობაში მონაწილოებაზე უარის თქმას ანუ საკომიტეტო სხდომებსა და სესიებზე არ დასწრებას,  ხოლო ყველაფერი დანარჩენი მოსულა, რადგან პარტიას რესურსები სჭირდება, ბიძინაა დასამარცხებელი”, – წერს ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე.

ცნობისთვის, საბიუჯეტო დაფინანსების მისაღებად ცესკო-ს 15-დან 9 პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. ესენია: ქართული ოცნება, ენმ-ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი 5 პარტია, ევროპული საქართველო და სტრატეგია აღმაშენებელში გაერთიანებული ორი პარტია.

დაფინანსების მოთხოვნით ცესკო-სთვის არ მიუმართავთ გირჩს, ლეიბორისტულ პარტიას, ლელოს, მოქალაქეებსა და პატრიოტთა ალიანსს.

ლელოში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე კვლავ მსჯელობენ.