ბჟეზინსკი: ნატომ რუხი ზონების არსებობა უნდა დაასრულოს და თბილისს და კიევს მკაფიო სიგნალები გაუგზავნოს

View of the room

მადრიდში გამართულ სამიტზე ალიანსმა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანების გადაწყვეტილება მიიღო. 30 მოკავშირის მიერ რატიფიკაციის პროცესის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში, ნატოსა და რუსეთს შორის დღემდე არსებული 1250 კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი გაორმაგდება. ეს ერთ-ერთ მიზეზია იმისა, თუ რატომ უწოდებენ მადრიდის სამიტს ისტორიულს.

ამ სამიტზე ნატომ რუსეთი დაუყოვნებელ და პირდაპირ საფრთხედ გამოაცხადა. მოკავშირეები შესაბამისი ზომების მიღებაზეც შეთანხმდნენ. ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი იან ბჟეზინსკი ამბობს, რომ ნატომ საქართველოს და უკრაინას მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებითაც უნდა მისცეს და ისინი ალიანსთან დააახლოვოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად. ბჟეზინსკის “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

“ეს ცივი ომის შემდეგ ნატოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიტი იყო იმ ერთი მარტივი მიზეზის გამო, რა ფონზეც ის გაიმართა. ფონი კი რუსეთის უკრაინაში შეჭრა და იქ მიმდინარე ომია. ბირთვული სახელმწიფო თავს დაესხა ალიანსის მეზობელ ქვეყანას, ხოლო ალიანსი აქტიურ დახმარებას უწევს უკრაინას. ალიანსის ეს შეკრება ევროპაში ომის დაბრუნებას დაემთხვა.

მეორე ფაქტორი ის არის, რომ ალიანსმა დაიწყო რუსული აგრესიის წინააღმდეგ საკუთარი პოზიციების გასამყარებლად ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ახალი, ცივი ომის შემდგომი პერიოდის დასაწყისი, როცა დასავლეთსა და რუსეთს შორის მომატებული სამხედრო დაძაბულობა იარსებებს. ჩემთვის ეს სამიტი ამის გამო არის მნიშვნელოვანი.

ახლა დაიწყება, ეგრეთწოდებული, გაწევრიანების პროტოკოლი, რომლის ნაწილიც, ფინეთისა და შვედეთის ნატოში წევრობის რატიფიცირება 30 წევრი სახელმწიფოს პარლამენტებმა უნდა მოახდინონ. ეს დიდი პროგრესია, რომელიც ნატოს შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს. წარმოიდგინეთ, რომ შვედეთი და ფინეთი ერთად აღებული, ორი გერმანიის ზომაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამით ნატოსა და რუსეთს შორის ტერიტორიული სიახლოვე ახალ დონეზე გადავიდა. მათი საერთო საზღვარი ახლა თითქმის 1300 კილომეტრით გაიზარდა. ამით პუტინს ალბათ იმედები ძალიან გაუცრუვდა მიუხედავად იმისა, რომ ნატო რუსეთზე თავდასხმას არ აპირებს. ამასთან ერთად, ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებით, ნატო იძენს ორ ძალიან მძლავრ სამხედრო ძალას. ორივეს ფანტასტიური საჰაერო ძალები აქვს. ფინელები მალე გადავლენ ეფ-35 ტიპის თვითმფრინავებზე, რომლებსაც ჩვენ ვიყენებთ ამერიკაში. შვედებს არაჩვეულებრივი საზღვაო ძალები ჰყავს და ფინეთს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სახმელეთო ჯარი და საარტილერიო შესაძლებლობები აქვს. ალიანსში მათი გაწევრიანებით, ბალტიის ზღვა ნატოს ეზოს ტბა გახდება, რადგან ზღვის სანაპიროს 95 პროცენტი ნატოს ტერიტორია იქნება. თუმცა, ჯერ გაწევრიანების პროტოკოლი უნდა დამთავრდეს, რაც ერდოღანს კიდევ ერთ შანსს მისცემს, რომ ნამცხვრის კიდევ ერთი ნაჭერი მიიღოს – ასე რომ, სანამ ყველაფერი არ დამთავრდება, მანამდე დამთავრებული არაფერია.“– ამბობს მკვლევარი.

კითხვაზე,რას ნიშნავს შვედეთის და ფინეთის ნატოში ასეთი სწრაფი ტემპით გაერთიანება საქართველოსა და უკრაინისთვის და  შეიცვალა თუ არა რაიმე ამ ორი ქვეყნისთვის ბჟეზინსკი პასუხობს:

“ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს უარყოფითი სიგნალი იყო. საქართველო და უკრაინა მონაწილეობენ ნატოს ოპერაციებში. ძალიან ნათლად მაქვს გონებაში შემონახული მოგონება, როცა ვუყურებდი ვიდეოს, რომელზეც მე ვნახე ქართველი ჯარისკაცების მიერ თალიბების წინააღმდეგ გამართული ბრძოლა ქაბულში, როცა ისინი ამერიკის საელჩოს იცავდნენ. ეს ძალიან დრამატული იყო და კარგად აჩვენებდა სიმამაცეს, რომელიც ქართველებს ჰქონდათ დასავლეთთან ერთად ბრძოლაში. მე, ისევე როგორც თქვენ, იმ ადამიანებს შორის ვარ, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები არიან. ეს ქვეყნები ამას იმსახურებენ. მათი წევრობა ალიანსს გააძლიერებს და რეგიონში სტაბილურობას შეუწყობს ხელს.

როდესაც ეს ქვეყნები ხედავენ, რომ შვედეთი და ფინეთი მათთან შედარებით, ფაქტიურად, წამის მეასედში წევრიანდებიან ალიანსში, უკრაინისა და საქართველოსთვის ეს ალბათ იმედგაცრუებაა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებს შორის განსხვავებები არსებობს. შვედეთი და ფინეთი უფრო მეტად არიან ინტეგრირებული ვიდრე საქართველო და უკრაინა. მიუხედავად ამისა, ალიანსის მხრიდან არ უნდა იყოს არანაირი გაურკვევლობა საქართველოს და უკრაინის ტრანს-ატლანტიკურ სივრცეში, მათ შორის, ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

როდესაც ამ ქვეყნებს მკაფიო სიგნალს არ ვუგზავნით, მათ რუხ ზონაში ვტოვებთ და ამ რუხ ზონებში მათმა დატოვებამ რუსეთის მხრიდან სამი თავდასხმა გამოიწვია – 2008 წელს საქართველოში, 2014 წელს უკრაინაში და ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს. ვფიქრობ, მათი წევრობის განაცხადზე მკაფიო დადებითი პასუხი არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ მოქმედებით – იქნება ეს მაპი, რომელიც ძალიან დაგვიანდა, თუ რაიმე სხვა, ჩვენი სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში მშვიდობის დასამყარებლად.

ჩემი აზრით, დასავლეთი უფრო მეტს უნდა აკეთებდეს, მაგრამ წარსულთან შედარებით, ბევრი რამ კეთდება. ტრანსატლანტიკური თანამეგობრობა აცნობიერებს იმას, რომ რუსეთთან გრძელვადიანი პრობლემა გვაქვს და რომ მასზე რეაგირებას ძლიერი სტრატეგია სჭირდება. ჩვენ ნელი ტემპით ვაძლიერებთ რეაგირებას – ეს არ არის საკმარისად სწრაფი ნაბიჯები, მაგრამ მე არ დავეთანხმები არავის, ვინც იტყვის, რომ საქართველომ და უკრაინამ დასავლეთთან ურთიერთობაში ხელი უნდა ჩაიქნიონ. პირიქით!

წყარო: ამერიკის ხმა