ბრალდებულების და მათი ოჯახების 9-თვიანი შოუ დასრულდა, განაჩენი ობიექტურია – ნიკოლაძე

გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე ამბობს, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ობიექტურია.

“განაჩენი არის სრულიად ობიექტური. ეს იყო ზუსტი, იდენტური ასახვა ჩადენილი დანაშაულისა, დამნაშავე პიროვნებების დამოკიდებულებისა მომხდარ ფაქტთან და საბოლოო ჯამში, აისახა ძალიან სწორ სასჯელში.

მეორე საკითხია ის, რომ ჩვენ ყველანი ვუყურებდით 9-თვიან სპექტაკლს, რომელსაც ატარებდნენ ბრალდებულები თავისი ოჯახის წევრებთან ერთად. მე არ ვიცი ოჯახის წევრებმა რამდენად იციან მათგან სიმართლე და ეს არც არის საინტერესო ჩვენი ოჯახისთვის, მაგრამ ეს 9-თვიანი შოუ დასრულდა, როცა მათ უნდოდათ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იმ თვალსაზრისით, რომ ისინი იყვნენ უდანაშაულოები”,- განაცხადა ნიკოლაძემ.

მისივე თქმით, უმიზეზოდ არცერთი პირი არ ყოფილა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და მტკიცებულებები განაჩენისთვის საკმარისზე მეტი იყო.