ბრალი წარუდგინეს პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა

პროკურატურის განცხადებით, იმ პოლიციელს, რომელიც ლისის ტბასთან 12 წლის ბავშვს დაეჯახა, ბრალი წარუდგინეს.

უწყების ცნობით, ი.ც-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარუდგინეს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მათივე განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უახლოეს საათებში მიმართავენ.

უბედური შემთხვევა 30 აგვისტოს მოხდა. საპატრულო პოლიციის მანქანა 12 წლის ბავშვს დაეჯახა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გარდაიცვალა.