ბრიტანეთში საშვილოსნოს გადანერგვის პირველი ოპერაცია წარმატებით დასრულდა

ბრიტანეთში საშვილოსნოს პირველი წარმატებული გადანერგვა მოხდა. დონორი პაციენტის უფროსი და გახდა. ორივე ქალი თავს კარგად გრძნობს.

თავად ოპერაცია ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გაკეთდა, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ ახლა გავრცელდა ინფორმაცია, როდესაც გაირკვა, რომ დებმა თავიდან აიცილეს პოტენციური გართულებები, რომლებიც შეიძლება ძალიან სერიოზული ყოფილიყო. ქირურგის თქმით, ორივე მათგანი “მეშვიდე ცაზე” იყო წარმატებული ორმაგი ოპერაციის შემდეგ, რაც უმცროს დას შვილების გაჩენის საშუალებას მისცემს.

ოპერაცია ოქსფორდის საავადმყოფოში ცხრა საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

ორივე ქალმა სთხოვა ექიმებს, არ გამჟღავნებულიყო მათი სახელები. უფროსი და 40 წლისაა, ორი შვილი ჰყავს და გადაწყვიტა მეტი შვილი აღარ გააჩინოს.

მისი უმცროსი და  მაიერ-როკიტანსკი-კასტერ-ჰაუზერის სინდრომით (MRKH) დაიბადა. ეს არის განვითარების იშვიათი დარღვევა, რომელიც იწვევს გოგონების დაბადებას განუვითარებელი საშოთი და განუვითარებელი საშვილოსნოთი, ან სრულიად საშვილოსნოს გარეშე.დაავადების პირველი სიმპტომია მოზარდ გოგონებში მენსტრუაციის არარსებობა. მსოფლიოში ეს დაავადება საშუალოდ 5000-დან  ერთ ქალს აქვს.

ამასთან, ამ სინდრომის მქონე ქალებში საკვერცხეები არ არის დაზიანებული და ნორმალურად ფუნქციონირებს, ამიტომ მშობიარობის ერთადერთი დაბრკოლება საშვილოსნოს არარსებობაა.

ადრე ასეთ პაციენტებს  ბიოლოგიური შვილების გაჩენა მხოლოდ სუროგაციის გზით შეეძლოთ. ტრანსპლანტაციის წარმატება ნიშნავს, რომ ახლა მათ შეუძლიათ შვილების გაჩენა, თუმცა ბუნებრივი მშობიარობა მათთვის ჯერ კიდევ მიუწვდომელია და ბავშვები საკეისრო კვეთით იბადებიან.

ოპერაციის დაწყებამდე უმცროს დას ოვულაციის სტიმულაციის ორი ციკლი ჩაუტარდა კვერცხუჯრედების ამოსაღებად, რომლებიც განაყოფიერდა მისი ქმრის სპერმით ემბრიონის შესაქმნელად.

ხუთი ყველაზე სიცოცხლისუნარიანი ემბრიონი გაყინეს  ისე, რომ თუ ტრანსპლანტაცია წარმატებული იქნებოდა, მათი გადანერგვა შესაძლებელი ყოფილიყო დონორის საშვილოსნოში. ამ დროისთვის, გადანერგილი საშვილოსნო, წამყვანი ქირურგის პროფესორ სმიტის თქმით, “ფუნქციონირებს ზუსტად ისე, როგორც უნდა ფუნქციონირებდეს”.

თუ ემბრიონის საშვილოსნოში გადატანა წარმატებით დასრულდა, მაშინ ქალს მოუწევს იმუნოდეპრესანტების მიღება მთელი ორსულობის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილოს ორგანიზმის მიერ დონორის ორგანოს განდევნა.

თუმცა, გულის გადანერგვისგან ან, მაგალითად, ღვიძლის გადანერგვისგან განსხვავებით, საშვილოსნოს გადანერგვა დროში შეზღუდულია. ექიმები ვარაუდობენ, რომ დაახლოებით ხუთი წლის შემდეგ და ერთი, მაქსიმუმ ორი წარმატებული ორსულობის შემდეგ, საშვილოსნო უნდა ამოიღონ და იმუნოდეპრესანტები აღარ იქნება საჭირო.

ამ შემოდგომაზე დიდ ბრიტანეთში მეორე ქალისთვისაც იგეგმება საშვილოსნოს  გადანერგვა. საკუთარ რიგს კიდევ რამდენიმე პაციენტი ელოდება.

როგორ მიმდინარეობდა ოპერაცია

ოპერაციაზე მთავარი პასუხისმგებლობა ორ ქირურგს დაეკისრა: პროფესორ რიჩარდ სმიტს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯიდან და იზაბელ კვიროგას ოქსფორდის ტრანსპლანტაციის ცენტრიდან.

ოპერაციის პირველი ნაწილი შედგებოდა მიმღები ქალის  40 წლის დისგან საშვილოსნოს ამოკვეთისგან და ის რვა საათი და 12 წუთი გაგრძელდა. ქირურგების ამოცანა იყო არ შეხებოდნენ საკვერცხეებს, რათა ქალში ადრეული მენოპაუზა არ გამოეწვიათ.

უმცროსი დის  ოპერაცია დაახლოებით ერთი საათით ადრე დაიწყო, მისი სხეული დონორის ორგანოს მისაღებად მოამზადეს. ეს ოპერაცია ცხრა საათი და 20 წუთი გაგრძელდა. ექიმებს, გავრცელებული ინფორმაციით, შეექმნათ გარკვეული სირთულეები, კერძოდ, მოსალოდნელზე მეტი სისხლის დაკარგვა, რომელიც შეადგენდა ორ ლიტრს (ადამიანის სხეულში სისხლის საერთო რაოდენობა დაახლოებით ხუთი ლიტრია).

პროფესორი სმიტი გინეკოლოგ-ქირურგთან ერთად არის საქველმოქმედო ორგანიზაციის, Womb Transplant UK-ის კლინიკური დირექტორი. მისი თქმით, ამ ოპერაციის ტექნიკა რადიკალური ჰისტერექტომიის (საშვილოსნოს ამოღება) მსგავსია.

ქირურგებმა უფროსი დის საშვილოსნო ფალოპის მილებთან და ორგანოს გარშემო არსებულ მნიშვნელოვან სისხლძარღვებთან ერთად ამოიღეს.

”ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მომენტი ის არის,” – თქვა პროფესორმა სმიტმა, ”როგორც ონკოლოგი მიჩვეული ვარ ორგანოების ამოღებას და ასევე სისხლძაღვების “დალუქვას”. მაგრამ   ტრანსპლანტაციის დროს აუცილებელია [დონორის ორგანიზმიდან] ნორმალური ორგანოს ამოღება, მაგრამ რაც შეიძლება მეტი „დაულუქავი“  სისხლძარღვებით“.

სმიტი და კვიროგა თავიდანვე ერთად მუშაობდნენ: მათ საშვილოსნო ამოიღეს უფროსი დის სხეულიდან, შემდეგ კი დონორიდან რეციპიენტზე გადავიდნენ. პროფესორმა აღნიშნა, რომ პირველი ეტაპიც არ იყო ძალიან ადვილი, რადგან დონორის საშვილოსნოში იყო უჩვეულო სისხლით მომარაგება. „იყო სისხლძარღვების ნაკრები, რომელიც არასდროს მინახავს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე. ამიტომ, ძალიან რთული იყო ორგანოს ამოღება, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ, ”- დასძინა მან.

გადანერგვის ოპერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ძალიან პატარა სისხლძარღვების შეერთება, რომლებიც უზრუნველყოფენ საშვილოსნოს სისხლით მომარაგებას, რაც ჩაატარა იზაბელ კვიროგამ.

ამავდროულად, საშვილოსნოს გადანერგვის ძირითადი სირთულეები, როგორც წესი, ჩნდება უშუალოდ ოპერაციის შემდეგ დაუყოვნებლივ და მათი ალბათობა 20-დან 25%-მდე მერყეობს. სმიტმა აღნიშნა, რომ ტექნიკურად ქირურგები დიდი ხანია მზად არიან ასეთი ოპერაციების ჩასატარებლად, მაგრამ ჯერჯერობით მარცხის ალბათობა მაღალია.

არასახარბიელო შედეგის შანსი მცირდება სამი-ოთხი დღის შემდეგ და უკვე ორი კვირის შემდეგ, მას შემდეგ, რაც საშვილოსნოს მიმღებ ქალს აქვს პირველი მენსტრუაცია, ალბათობა იმისა, რომ მან შეძლოს ბავშვის გაჩენა ძალიან მაღალია და სერიოზული გართულებების ალბათობა მინიმუმამდე მცირდება.

Ახალი იმედი

თუ საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია ყოველდღიურობა გახდება, მაშინ MRKH სინდრომით დაბადებული ქალები შეძლებენ ბავშვის მუცლით ტარებას დამოუკიდებლად. აქამდე მათი დედობის იმედები მხოლოდ შვილად აყვანით ან სუროგაციის დედობით შემოიფარგლებოდა.

სუროგაცია გაერთიანებულ სამეფოში ლეგალურია, მაგრამ გააჩნია მრავალი იურიდიული გართულება: მაგალითად, სასამართლო ვერ ავალდებულებს ბიოლოგიურ მშობლებს, შეასრულონ სუროგაციის ხელშეკრულება ბავშვის გადასაცემად. სუროგატი დედა ბავშვის დაბადებისას ხდება მისი ოფიციალური დედა, ხოლო თუ მას ჰყავს ქმარი ან პარტნიორი, მაშინ ის ჩაითვლება ბავშვის ოფიციალურ მამად, სანამ ის არ უარს იტყვის მშობლის უფლებებზე.

მიუხედავად იმისა, რომ საშვილოსნოს გადანერგვა სასურველ პერსპექტივად გვეჩვენება, დღეს ასეთი ოპერაციები მოითხოვს არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რიგი პირობების შესრულებას.

მაგალითად, ორივე დამ გაიარა კონსულტაცია ფსიქოლოგთან, რათა დაედასტურებინა მათი უნარი გაუმკლავდნენ ნებისმიერ პოტენციურ შედეგებს. და თავად ოპერაცია წინასწარ იყო დამტკიცებული ბრიტანეთის ადამიანის ქსოვილის სამმართველოს მიერ (HTA), რომელიც არეგულირებს ადამიანის სხეულის, ორგანოებისა და ქსოვილების ამოღების, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების სამართლებრივ საკითხებს.

პროფესორის თქმით, „შემაძრწუნებელი სიმართლე ის არის, რომ ქვეყანაში ამჟამად მშობიარობის ასაკის  15000-ზე მეტი ქალია რომლებიც განიცდიან საშვილოსნოს უნაყოფობას“.

მსოფლიოში პირველი საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია 2014 წელს შვედეთში ჩატარდა, რის შემდეგაც ქალმა შვილის გაჩენა მოახერხა. მან ორგანო მეგობრისგან მიიღო, რომელიც მაშინ 60 წლის იყო.

მას შემდეგ მსოფლიოში 100-მდე საშვილოსნოს გადანერგვა განხორციელდა, რის შედეგადაც დაახლოებით 50 ბავშვი დაიბადა, ძირითადად შეერთებულ შტატებსა და შვედეთში, ასევე თურქეთში, ინდოეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ჩეხეთის რესპუბლიკაში, გერმანიასა და საფრანგეთში.

წარმატება ნამდვილად არსებობს, მაგრამ საშვილოსნოს გადანერგვა იშვიათი ოპერაციაა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ჯერ არ ახორციელებს უფასოდ (პაციენტისთვის). უშუალოდ ოპერაციის ხარჯებმა, როგორიცაა: სამედიცინო აღჭურვილობის, მედიკამენტების და შენობების გამოყენება, შეადგინა 25 ათასი ფუნტი, რომელიც საქველმოქმედო Womb Transplant UK-მ გადაიხადა, 30-ზე მეტმა სამედიცინო მუშაკმა კი, ვინც მას ასრულებდა, უარი თქვა ანაზღაურებაზე.

სულ ახლა ექიმებს 15 ასეთი ოპერაციის ნებართვა აქვთ მიღებული, რომელთათვისაც უკვე არსებობენ დონორები: ხუთი ცოცხალი და 10 ვეგეტატიურ მდგომარეობაში, მაგრამ მათი განსახორციელებლად დაახლოებით 300 ათასი ფუნტი იქნება საჭირო, რომელიც სადმე უნდა გამოიძებნოს.

ლიდია ბრეინი

ერთ-ერთი ქალი, რომელიც რიგს ელოდება, არის 31 წლის ლიდია ბრეინი, რომელსაც საშვილოსნო  ექვსი წლის წინ, მას შემდეგ ამოუღეს, რაც კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. მან და მისმა პარტნიორმა დახარჯეს დაახლოებით 15000 ფუნტი სტერლინგი კვერცხუჯრედების ინ ვიტრო განაყოფიერებაზე, რაც მას აძლევს შანსს, რომ მომავალში მაინც გააჩინოს ბავშვი.

ლიდიამ თქვა, რომ აღფრთოვანებულია  ბრიტანეთის პირველი წარმატებული საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაციით და მას სასწაული უწოდა. ის ოცნებობს შვილზე და იმაზე, რომ თავად შეძლოს საკუთარი შვილის მუცლით ტარება.

თუ მსგავს ოპერაციებთან დაკავშირებით ყველა ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხი მოგვარდება, მაშინ მომავალში ბრიტანელი ექიმები შეძლებენ წელიწადში 30-მდე საშვილოსნოს გადანერგვას.

მაგრამ ჩნდება კიდევ ერთი აშკარა კითხვა: საიდან მივიღებთ დონორის ორგანოებს?

ექიმების ჯგუფი, რომელმაც ოპერაცია გაუკეთა ორ დას, იმედოვნებს, რომ მომავალში დონორებად გახდებიან არა ახლობლები, არამედ ადამიანები, რომლებიც ორგანოებს ალტრუისტული მიზეზების გამო დათმობენ.

„არსებობენ ქალები, რომლებიც მიმართავენ საქველმოქმედო ორგანიზაციას… მაგალითად, ახალგაზრდა ქალები, რომლებიც ამბობენ: „მე არ მინდა შვილების გაჩენა, მაგრამ მინდა დავეხმარო სხვებს ბავშვის გაჩენაში“ ან „მე უკვე მყავს შვილები და ძალიან მინდა  სხვა ქალებს მიეცათ შესაძლებლობა, თქვა იზაბელ კიროგამ. „ამიტომ, დადგება დრო, როდესაც ეს გახდება დონორების მთავარი წყარო.

შესაძლებლობა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის?

ტრანსპლანტაცია, რა თქმა უნდა, შეუძლია დაეხმაროს ქალებს, რომლებიც დაიბადნენ ფუნქციონირებადი საშვილოსნოს გარეშე, ისევე როგორც მათ, ვინც დაკარგა ის კიბოს ან სხვა დაავადებების გამო.

მაგრამ გასულ კვირას, ქირურგებმა შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ მათი აზრით “მედიკამენტურად შესაძლებელია”  მსგავსი ოპერაციის ჩატარება მამაკაცის სასქესო ორგანოებით დაბადებულ ტრანს ქალებზე.

თუმცა, პროფესორი სმიტი თვლის, რომ ეს ჯერ კიდევ შორს არის. ბიოლოგიურ ქალებსა და მამაკაცებს აქვთ განსხვავებული მენჯის ანატომია, მენჯის ფორმა და მდებარეობა და სისხლძარღვთა ანატომია, რაც ჯერ კიდევ არ არის გადალახული.

იმისთვის, რომ ტრანსგენდერმა ქალებმა წარმატებით გაიკეთონ საშვილოსნოს გადანერგვა, დიდი დრო უნდა გავიდეს– მინიმუმ 10 წელი, ან თუნდაც 20.