ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა – ლაშა დარსალია Daily Mail-ის სტატიაზე

ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია, ჩვენ პარტნიორებთან თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობაა– ასე გამოეხმაურა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია Daily Mail-ის  სტატიას.

„გახსოვთ ალბათ, თებერვალში სწორედ მათთან, აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით გამოვლინდა კიბერთავდასხმები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ იყო განხორციელებული რუსეთის ფედერაციის მხრიდან. რაც შეეხება ბრიტანულ ყვითელ პრესაში გამოქვეყნებულ ინფორმაციას, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ცალსახად ვმუშაობთ ჩვენ ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე ეს არის სწორედ მცდელობა, რომ ამ თანამშრომლობის დისკრედიტაცია მოხდეს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან გვაქვს ჩამოყალიბებული.

ვარაუდის დონეზე – საქართველოს და ჩვენ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობები ვის ინტერესებშიც შედის, ეს რუსეთის ფედერაციაა, ხოლო ის, თუ ვინ დგას ამ ცალკეული კონკრეტული ფაქტების უკან, ეს შემდგომი თანამშრომლობის შედეგად გაირკვევა“,- განაცხადა დარსალიამ

ბრიტანული გამოცემა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებული და რუსეთის უსაფრთხების სამსახურებთან იმყოფებიან კავშირში.