ბურთი არის ოპოზიციის მხარეს – გია ნოდია Edison Research-ის კვლევაზე

პოლიტოლოგია გია ნოდია “ფორმულას” დაკვეთით Edison Research-ის მიერ მომზადებულ კვლევას ეხმაურება და ამბობს, პარადოქსულია, რომ “ქართულ ოცნებას” უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს, ვიდრე ოპოზიციას.

მისივე თქმით, “ბურთი ოპოზიციის მხარეს არის”.

“ტენდენცია არის ის, რომ ხალხი ცხოვრებით უკმაყოფილოა და ხალხს უნდა ცვლილება, მაგრამ ამავე დროს, პარადოქსულია ის განწყობა, რომ შედარებით უფრო მეტი მხარდამჭერი ჰყავს მმართველ პარტიას, ვიდრე ოპოზიციას. მაგრამ ეს აჩვენებს იმასაც, რომ ბურთი არის ოპოზიციის მხარეს, იმ თვალსაზრისით, რომ ოპოზიციას აქვს სერიოზული რეზერვი, რომ გააუმჯობესოს თავის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რისგან გამომდინარე იმსჯელებს რიგითი ამომრჩეველი”, – განაცხადა გია ნოდიამ ფორმულასთან საუბრისას.

ცნობისთვის, ტელეკომპანია “ფორმულას” დაკვეთით, Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკური რეიტინგები ასეთია: “ქართული ოცნება” — 39%; მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” — 16%; “ევროპული საქართველო-თავისუფალი დემოკრატები” — 5%.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს – ლეიბორისტული პარტია – 3%; ლელო – 3%; ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) – 3%; პატრიოტთა ალიანსი – 3%; გირჩი – 2%; მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) – 2%; დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) – 1%; გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) – 1%; სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) – 1%; თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) – 1%.