გადადგეს მკვლელი მთავრობა – 17 ივლისს, პარლამენტთან აქცია გაიმართება

“გადადგეს მკვლელი მთავრობა” – 17 ივლისს, პარლამენტის წინ აქცია დაანონსდა.

ჟურნალისტები და სამოქალაქო საზოგადოება კვლავ გააპროტესტებენ 5 ივლისის მოვლენებს, როდესაც პუტინისტურმა ჯგუფებმა 53 ჟურნალისტზე იძალადეს, სასტიკი თავდასხმის შემდეგ კი 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა.

“მწვავე საზოგადოებრივი პროტესტის მიუხედავად, მმართველი პარტია უტიფრად აგრძელებს რუსული ხელწერის სიძულვილის კამპანიას და უარს ამბობს აიღოს პასუხისმგებლობა 5 და 6 ივლისს, თბილისის ქუჩებში განვითარებულ მოვლენებზე.

ამასთან ერთად, სამთავრობო პროპაგანდისტული არხების მიერ ურცხვად გრძელდება დაღუპული ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაციის კამპანია, რომლის მიზანია ყალბი ინფორმაციის გავრცელების გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. შესაბამის უწყებებს, ამ დრომდე არ გამოუვლენიათ და არ დასჯილან კრემლისტური ჯგუფების ლიდერები, რომლებიც კვირების განმავლობაში აორგანიზებდნენ ჯგუფური ძალადობის აქტს და სხვებს თანამონაწილეობისაკენ მოუწოდებდნენ”,– აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

მათი თქმით, ხელისუფლება ძირს უთხრის ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და ღია ომი გამოუცხადეს მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებას.

“ეს არის ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის, ბრძოლა დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. ფაქტია, რომ ხელისუფლებას აშინებს ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის უპრეცედენტო ერთიანობა. სწორედ ამიტომ, ეს პროტესტი იქნება უკომპრომისო და აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით. ივანიშვილის რეჟიმი ამ ბრძოლაში დამარცხდება! ვიკრიბებით შაბათს, 18:00 საათზე, პარლამენტის წინ. დაისაჯოს ყველა მოძალადე! გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი!”,– წერია აქციის აღწერაში.