“გადასხმა გაუკეთეს და გამოუშვეს სახლში” – გორში 41 წლის პოლიციელი გარდაიცვალა

გორში 41 წლის შსს-ს თანამშრომელი გარდაიცვალა. ოჯახი ექიმების სავარაუდო დაუდევრობაზე საუბრობს და ექსპერტიზის პასუხებს ელოდება.

წინასწარი ინფორმაციით, ალექსიძეს თრომბი განუვითარდა, რამდენიმე საათით ადრე კი ჩივილებით კლინიკა “გორმედს” მიაკითხა, თუმცა ექიმებმა მას მხოლოდ გადასხმა გაუკეთეს და სახლში გაუშვეს.

“ხელში წვა იგრძნო, გულ-მკერდის არეზე გადამდისო… გადავიყვანეთ “გორმედში” და გადასხმა გაუკეთეს, რაღაც გამაყუჩებელი და გამოუშვეს სახლში. წინასწარი დასკვნების გაკეთება არ მინდა, ექსპერტიზას ველოდებით, მაგრამ ყველა ამბობს, რომ ეს სიმპტომები თრომბს ახასიათებს. თუ მაგათ ბრალია და მამაჩემის სიკვდილში მათ წვლილი მიუძღვით, რა თქმა უნდა, პასუხისგებაში უნდა მიეცეს ყველა ადამიანი”,– ამბობს გარდაცვლილის შვილი, გიორგი ალექსიძე.

“გორმედის” კლინიკური დირექტორი, ხათუნა შრუბი, მთავარი არხთან ამტკიცებს, რომ მედიკოსებმა პოლიციელს პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა სამედიცინო დამხარება გაუწიეს.

“პაციენტი შემოსული იყო გულმკერდის არეში ტკივილით ჩვენს კლინიკაში. გავუკეთეთ სათანადო კვლევები… პაციენტს მოეხსნა ტკივილი და გაეწერა ბინაზე. პროტოკოლის მიხედვით რა ჩივილითაც შემოვიდა, ჩატარებული აქვს. დანარჩენზე ჩატარდება სამედიცინო ექსპერტიზა და გაგცემთ პასუხს. პაციენტი თვითონვე აღნიშნავდა, რომ უკეთესად იყო. მეუღლეც თან ახლდა, სხვათა შორის და იცის ძალიან კარგად და რატომ აქვთ პრეტენზიები, ვერ ვხვდები”,– ამბობს ხათუნა შრუბი.