გაერო-ს უშიშროების საბჭომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო – აშშ-მ ვეტო არ დაადო

გაეროს უშიშროების საბჭომ ისრაელ-“ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 14-მა წევრმა დაუჭირა.

შეერთებულმა შტატებმა, რომელსაც ვეტოს დადების უფლება ჰქონდა და არ გამოიყენა, ხმის მიცემისგან თავი შეიკავა.

საბჭოს წევრებმა რეზოლუციით მოითხოვეს რომ კონფლიქტის ორივე მხარემ შეწყვიტოს ცეცხლი მუსლიმთა წმინდა თვის რამადანის (წელს 10 მარტიდან 9 აპრილამდე) განმავლობაში და უზრუნველყოს სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებელი მიწოდება. რუსეთი ცდილობდა ტექსტში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნას მსაზღვრელი სიტყვა “მუდმივი” დამატებოდა, რაც უარყოფილი იქნა.

ომის დაწყების შემდეგ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც  გაეროს უსაფრთხოების საბჭომ მიიღო რეზოლუცია,ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

აშშ მსგავს რეზოლუციებს ვეტოთი ბლოკავდა. კერძოდ, მათ აქამდე დაბლოკეს 3 რეზოლუცია, რომლებშიც მძევლების გათავისუფლება ნახსენები არ ყოფილა. გაეროში აშშ-ს წარმომადგენელმა, ლინდა თომას გრინფილდმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა მძევლების გათავისუფლების შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.

აშშ-ს მიერ ვეტოსგან თავის შეკავების შემდეგ პრემიერმა ნეთანიაჰუმ გააუქმა ვაშინგტონში საკუთარი მთავარი მრჩევლების, რონ დერმერისა და ცახი ჰანეგბის დელეგაციის დაგეგმილი ვიზიტი.ამის შესახებ განცხადებას ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისი ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ-ის აღნიშნული გადაწყვეტილება ისრაელის სამხედრო ძალისხმევას და მძევლების გათავისუფლების მცდელობებს ზიანს აყენებს.

„ეს გადაწყვეტილება ომის დაწყების შემდეგ უშიშროების საბჭოში აშშ-ის თანმიმდევრული პოზიციიდან აშკარა გადახვევას წარმოადგენს და „ჰამასს“ იმედს აძლევს, რომ საერთაშორისო ზეწოლა მათ ჩვენი მძევლების გათავისუფლების გარეშე ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის საშუალებას მისცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.