გავაგრძელებთ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე აქტიურ მიყურადებას – მიქანაძე

“ქართული ოცნების” განცხადებით, 8 სექტემბრის მდგომარეობით, ცესკოს მიერ 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის 62 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. მათი მტკიცებით, აქედან 12 ორგანიზაცია ნაციონალურ მოძრაობასთან არის დაკავშირებული, 3 კი ევროპულ საქართველოსთან.

“ოცნების დეპუტატი” გივი მიქანაძე მოუწოდებს ორგანიზაციებს, გაასაჯაროვონ დაფინანსების წყაროები, რათა ნათელი გახდეს, რომ ისინი არ არიან აფილირებული კონკრეტულ პარტიებთან. მისივე განცხადებით, გააგრძელებენ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე “აქტიურ მიყურადებას”.

“ჩვენ გავაგრძელებთ დარჩენილი 3 კვირის განმავლობაში აქტიურ მიყურადებას იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც ცესკოს მიერ იქნება დარეგისტრირებული, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციები, იმისთვის, რომ ვამხილოთ ის ორგანიზაციები, რომლებიც არა დაკვირვებაზე, არამედ დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული. ისინი წარმოადგენენ რადიკალური ოპოზიციის ფილიალებს, რომელიც ემზადება არა 2 ოქტომბრისთვის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის”,– თქვა მიქანაძემ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.