გავაცნობ საქართველოში არსებულ მდგომარეობას – ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრა

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სტრასბურგში გაემგზავრა. მისი თქმით, ექნება მაღალი რანგის შეხვედრები, მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტთან, ვისთანაც, სავარაუდოდ ისაუბრებს 5 ივლისისა და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე.

“მივემგზავრები სტრასბურგში, შეხვედრები გაიმართება მაღალი დონის, მათ შორის ვგეგმავ, რომ შევხვდე სტრასბურგის სასამართლოს პრეზიდენტს. ალბათ, ინტერესი იქნება საქართველოში 5 ივლისს განვითარებული მოვლენების თაობაზეც და რა თქმა უნდა, მივაწვდი მათ ინფორმაციას, თუ რა მდგომარეობაა გამოძიების მიმართულებით. იყო, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის საქმეზეც გამოხატული ინტერესი.

ვიზიტის მიზანი არის, რომ სტრასბურგის ინსტიტუტებს, ევროსაბჭოს ინსტიტუტებს გავაცნოთ საქართველოში არსებული მდგომარეობა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით და მივაწოდოთ მათ განახლებული ინფორმაცია“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.