გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი – წულაია პროცესზე

სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დაიხურა, მოსამართლემ გადაწყვეტილება საქმეში სექსუალური ძალადობის ნიშნების გამო მიიღო.

გოგი წულაია სხდომის საჯაროობას ითხოვდა.

“რა მაქვს დასამალი?! გავხსნათ სასამართლო, ჩემმა ცოლმა კი გაიგო ყველაფერი. დააფიქსირეთ, რომ დახურვის წინააღმდეგი ვიყავი”,- თქვა წულაიამ პროცესის დაწყებისას.

წულაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობით ჩანდენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გოგი წულაია 17 მარტს, თბილისში, ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს.