ეს მათი გალაშქრებაა აღმშენებლობაზე, ვისაც არაფრის აშენება არ შეუძლია – სააკაშვილი ხანძრის გაჩენაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძრის გაჩენა აღმშენებლობაზე გალაშქრებაა იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც არაფრის აშენება არ შეუძლია.

,,ბიბლიოთეკაში არის მრავალი ათასი წიგნი, აქ არის ძალიან ბევრი კომპიუტერი, ათასობით ქართველი, განსაკუთრებით ახალგაზრდა, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს ამ ბიბლიოთეკით. იქ არის არქიტექტურის, სამართლებრივი მეცნიერების, პოლიტიკური მეცნიერების, მაგრამ ყველაზე მეტი წიგნია არქიტექტურის და დიზაინის, იმიტომ რომ ეს ბიბლიოთეკა ემსახურება საქართველოს აღმშენებლობის, რაღაც ახალის შექმნის იდეას. ამიტომ ეს არის გალაშქრება, რა თქმა უნდა, აღმშენებლობაზე, იმ ხალხის მხრიდან, ვისაც არაფრის აშენება არ შეუძლია. ამდენი წელია ბიძინა ივანიშვილს ხალხისთვის არაფერი არ დაუდგია, მე კიდევ პრეზიდენტობის შემდეგაც მოვახერხე მისი აშენება”,- ამბობს სააკაშვილის მთავარ არხზე.

მისი თქმით, ბიბლიოთეკაში ხანძარი სუსის აგენტმა გააჩინა.

,,ეს ადამიანი გიჟი რომ არ არის, მე მგონი გიჟების გარდა ყველა ხვდება. ეს არის ჩვეულებრივი სუსის აგენტი, ასეთი აგენტებით არის სავსე სუსი მთელ საქართველოში, ამათ იყენებენ ძირითადად არჩევნების დროს, მაგრამ იყენებენ არჩევნებს შორის დაშინების აქტებზე. ეს არის რუსული სტილი, არ არის ივანიშვილის მოგონილი, ეს არის რასაც პუტინი ნერგავდა. რა თქმა უნდა, ამ კაცს არავინ არ დაიჭერს”,- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დღეს ერთმა ახალგაზრდამ მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში ხანძარი გააჩინა. მან live ჩართვაში თქვა, რომ ,,კორონავირუსის ბუდე” ნახა და მისი დემონტაჟი უნდა.

მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზებმა მალევე მოახერხეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-მ ამ ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.