გამკაცრდეს რეგულაციები და დაიწყოს დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით – ვაშაძე

უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ უნდა გამკაცრდეს რეგულაციები და უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ხელისუფლების ხელშია არჩევნების გადადების საკითხი, მაგრამ ახლა იმის დრო არ არის, ვინ ვისკენ გაიშვერს ხელს, ვინ იტყვის პირველი, ვინ მეორე, ვის უნდა და ვის არა არჩევნები, მაგრამ ფაქტია, რომ მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. პოლიტიკაც, არჩევნებიც, ყველაფერი ადამიანებისთვის გვაქვს და თუ ადამიანების სიცოცხლე არ გადავარჩინეთ, თუ კომპლექსურ ნაბიჯებს არ გადავდგამთ ამ პირობებში, წინ ვერანაირად ვერ წავალთ. გავიხსენოთ გასული წელი. სამწუხაროდ, გასულ წელსაც არჩევნებმა ნოემბერსა და დეკემბერში გაზარდა ინფიცირებულების რაოდენობა. ამ ვითარებაში, როცა სამედიცინო სისტემა ფაქტობრივად კოლაფსშია, ექიმები ვეღარ აუდიან პაციენტებს, როცა ყოველდღიურად იზრდება ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ მზად ვართ, ავიღოთ პასუხისმგებლობა და საერთო გადაწყვეტილებაში, საერთო დისკუსიაში მივიღოთ მონაწილეობა არჩევნების ჩატარებასთან ან მცირედით გადავადებასთან დაკავშირებით. 2-3 კვირით არჩევნების გადავადება ნამდვილად არ შეცვლის რადიკალურად ვითარებას. გაცილებით უფრო დიდი ამოცანა გვაქვს დღეს გადასაწყვეტი, ამიტომ, პირველ რიგში, მივმართავ „ქართულ ოცნებას“, კარგად დაფიქრდით, დღეს პასუხისმგებლობა თქვენზეა იმიტომ, რომ ჯერჯერობით თქვენ ხართ ხელისუფლებაში.“,-განაცხადა ვაშაძემ