გამოართვით ყველას ყველაფერი და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება – უგულავა

ევროპული საქართველოს ერთ–ერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავრობის მიერ დაანონსებულ დახმარებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს შეურაცხმყოფელია. უგულავა მიიჩევს, რომ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ მთავრობისგან შეთავაზებული დახმარება, რადგან ეს მათ ეკუთვნით, შემდგომ კი არჩევნებზე სწორი არჩევანი გააკეთონ.

“გახარიას ვითომ წყალობა არის ფარისევლობა, ტყუილი და ერთადერთ რამეს მიანიშნებს. ხალხო, თუ გინდათ, აი, ასეთ ღორ მთავრობას გააგდებინოთ კაკალი, ზუსტად ასე, მთელი ერთი წლის მანძილზე, როგორც სახრეს ურტყამდით, აი ასე უნდა გააგრძელოთ მანამ, სანამ არ გადავირჩევთ.

ეს მთავრობა სხვა არაფერზე რეაგირებს, ამიტომ, გამოართვით ყველას ყველაფერი იმიტომ, რომ ეს გეკუთვნით თქვენ და არა გახარიას და ივანიშვილს და არჩევნებზე მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ასე სამათხოვროდ, წყალობით და ვიღაცის ხელის ბიჭად საქართველო არ უნდა გადაიქცეს.

ეს შეურაცხმყოფელია, მაგრამ სანამ გვიჭირს, დაიბრუნეთ თქვენი ქონება, გააგდებინეთ ყვავს კაკალი პირიდან და არჩევნებზე შემოხაზეთ ოპოზიცია და გავუშვათ ეს უმაქნისები და მავნებლები და გავიყვანოთ ქვეყანა გამარჯვებისა და განვითარების გზაზე”, – ამბობს უგულავა.

ცნობისთვის, მთავრობა 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს 200 ლარით ერთჯერადად დაეხმარება.

გარდა ამისა, ერთჯერად 300-ლარიან დახმარებას მიიღებს ის 80 ათასი თვითდასაქმებული, რომლემაც დახმარების მისაღებად დოკუმენტები ვერ წარადგინა.

მისი თქმით, მთავრობა განაგრძობს კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას და ნოემბრიდან თებერვლის ჩათვლით, თვეში 200 კილოვატ-საათი ელექტროენერგიისა და 200 კუბური მეტრი გაზის საფასურს თავად დაფარავს.