გამოვკითხეთ არასრულწლოვნები, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები – შსს პანსიონზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ნინოწმინდის პანსიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძებო და საპროცესო მოქმედებები.

მათი თქმით, უკვე გამოიკითხა რამდენიმე არასრულწლოვანი.

“უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირების გამოკითხვები. საპროცესო ღონისძიებებში არასრულწლოვანთა მონაწილეობა ხდება კანონმდებლობის სრული დაცვით და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. გამოძიების პროცესში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები. უკვე გამოკითხულია რამდენიმე არასრულწლოვანი”, – ნათქვამია განცხადებაში.

შსს მოუწოდებს თემით დაინტერესებულ მედიასაშუალებებს, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია.

“გამოძიების დაწყების საფუძველი სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს აღნიშნული პანსიონატის თემით დაინტერესებულ ყველა მედიასაშუალებას, რომელიც შესაძლოა ფლობდეს გამოძიებისთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაციას, ითანამშრომლონ გამოძიებასთან და მიაწოდონ მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს გამოძიების სწრაფად და ობიექტურად წარმართვას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტომ ნინოწმინდის პანსიონიდან 6 ბავშვი გამოიყვანა, ასევე, მიმდინარეობს მუშაობა 10 ბავშვის გამოყვანაზე.