გამოძიება დაკარგული თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლს ვერ ადგენს

პოლიცია ფონიჭალაში დაკარგულ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერის პაროლს ვერ ადგენს და დახმარებას ისევ ოჯახს სთხოვს.თამარ ბაჩალიაშვილის დედასთან, აქციის მიმდინარეობისას ცოტა ხნის წინ გამომძიებელი მივიდა და უთხრა, რომ  “ყველაფერს აკეთებენ,” თუმცა კონკრეტულად რა სახის სამუშოები მიმდინარეობს დაკარგული გოგონას მოსაძებნად, ამაზე გამომძიებელს აღარაფერი უთქვამს.

მან არც მედიის კითხვებს უპასუხა, შესაბამისად უცნობი დარჩა რა ეტაპზეა სამძებრო სამუშაოები, რა მიმართულებით ეძებენ ახალგაზრდას და ვერსიებს ამუშავებენ სამართალდამცველები.

რაც შეეხება აქციას. ფონიჭალაში ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა, მეზობლებმა და ახლობლებმა გზა გადაკეტეს. მოგვიანებით, გზის გახსნის მცდელობისას პოლიციასთან დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც არსებული ინფორმაციით, ერთი ახალგაზრდა დააკავეს.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებას უმოქმედობაში ადანაშაულებს და საქმის მასალებზე წვდომას ითხოვს.