გამოხატვის თავისუფლება არ ქმნიდა მყისიერ საფრთხეს – ხვიჩია 5 ივლისზე

“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას თქმით,  ერთადერთი გამონაკლისი, რომელიც შეიძლება არსებობდეს გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, არის “თუ ეს გამოხატვის თავისუფლება ქმნის მყისიერ, რეალურ, იმ წუთიერ საფრთხეს”

მისი შეფასებით, 5 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერების მოწოდებები არ ქმნიდა მყისიერ საფრთხეს.

“არა მხოლოდ იქ არ ქმნიდა, არამედ მე სამყაროში მაგალითი არ ვიცი, როდესაც გამოხატვის თავისუფლებამ შექმნა მყისიერი, იმ წუთიერი და რეალური საფრთხე. წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი ყვირის რაღაცას. ის შედეგი, რომელიც დადგა, არ ვიცით, ამ მოწოდებამ აღაგზნო ეს ხალხი და ამიტომ გაექანენ 500 მეტრის ზემოთ, თუ მანამდე იყო დაგეგმილი, მე არ მჯერა, რომ ეს მოწოდების გამო მოხდა”,– განაცხადა ხვიჩიამ “ფორმულას” ეთერში.

ის ასევე აღნიშნავს, რომ არ იცის, რა გააკეთა კონსტანტინე მორგოშიამ, რადგან, მისი აზრით, ძალადობის ორგანიზებას კამერების წინ არავინ აკეთებს.

ცნობისთვის, 5 ივლისს ჰომოფობიურმა, ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს 53 ჟურნალისტს, მათ შორის ერთ-ერთი, ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია ძალადობის ორგანიზატორები.