გამოჯანმრთელებულების მაჩვენებელი 80%-ზე მეტია – ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი დადასტურებულებთან შედარებით 80%-ზე მეტია.

მისი თქმით, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3.5-ჯერ უსწრებს ამჯამად მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს.

ეზუგბაია ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა „საბურთალოს კლასტერს“ უკავშირდება და ინფიცირებულის კონტაქტია.

“ჩვენი ცენტრის მონაცემები უცვლელია, გვყავს 57 დადასტურებული შემთხვევა, პრობლემური, მძიმე პაციენტები ამ ეტაპზე არ გვყავს, გვყავს მხოლოდ ორი მძიმე პნევმონიით პაციენტი, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ფასდება როგორც საშუალო და მსუბუქი სიმძიმის, უმეტესი საშუალო სიმძიმისაა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის 801 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 644 გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.