გამტაცებელთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი აცხადებს, რომ პირთან, რომელმაც ქალაქ ლუცკში სამგზავრო ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

„პროფესიონალები მძევლების გათავისუფლებაზე მუშაობენ. მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირთან, რომელმაც მძევლები აიყვანა. ყველაფერს ვაკეთებთ მათ გასათავისუფლებლად. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, უკრაინის ქალაქ ლუცკში შეიარაღებულმა პირმა ავტობუსი გაიტაცა და მგზავრები მძევლად აიყვანა, გატაცებამდე მამაკაცმა, რომელიც საკუთარ თავს „მაქსიმ პლახოის“ უწოდებს, ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ყველას ულოცავს „ანტისისტემის“ დღეს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო – პირველი ტერორისტია.“ მამაკაცი მოითხოვს, რომ მაღალჩინოსნებმა ვიდეომიმართვა ჩაწერონ, სადაც იტყვიან, რომ „კანონიერი ტერორისტები“ არიან. კერძოდ, ის აღნიშნული შინაარსის ვიდეომიმართვის გავრცელებას სასამართლოების, სამინისტროების, პროკურატურის, პარლამენტისა და ეკლესიის მეთაურებისგან ითხოვს.