გამყრელიძის თქმით, ვაქცინაცია წარმატებული არ არის, თუმცა არც წარუმატებელია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი წარმატებული არ არის, თუმცა ის არც წარუმატებელია.

“ვაქცინაცია არ არის წარმატებული, პირდაპირ გეტყვით. ბევრი ფაქტორია, რატომ არ არის წარმატებული. ამ დროისთვის 20 000 ადამიანია აცრილი, როცა გეგმით ამ დროისთვის ვფიქრობდით, რომ 50 000 მაინც უნდა გვყოლოდა აცრილი. სულ მცირე, 2-ჯერ ჩამოვრჩებით იმ ტემპს, რაც გვინდოდა. ეს დამოკიდებულია ვაქცინების მარაგზეც, იმიტომ რომ დიდი დეფიციტია მსოფლიო ბაზარზე, გვიან მივიღეთ 1 თვით”, – თქვა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

წამყვანის კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობაა ეს წარუმატებლობა, გამყრელიძე პასუხობს, რომ პროცესი წარუმატებელი არ არის, უბრალოდ წარმატებული არ არის.

“წარუმატებლობას მე არ გეუბნებით, არ მითქვამს მე სიტყვა წარუმატებლობა. ხო, წარმატებული არ არის. წარუმატებელი არ არის, ეს გახლავთ შედარებით დაბალი ტემპი ვაქცინაციის, რომელსაც ბევრი მიზეზი აქვს”, – თქვა მან.