განათლების მინისტრი კვლავ ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლება სკოლებს ანგრევდა

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი კვლავ ამტკიცებს, რომ წინა ხელისუფლება სკოლებს ანგრევდა.

გარდა სკოლებისა, მან დღეს თქვა, რომ ენმ ანგრევდა პროფესიულ სასწავლებლებსა და სხვა ინსტიტუციებს.

“როგორც გახსოვთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს სკოლებს ანგრევდნენ, ანგრევდნენ პროფესიულ სასწავლებლებს, ანდგურებდნენ უნიკალურ ლაბორატორიებს, სამეცნიერო კვლევით ცენტრებს, მათგან განსხვავებით ჩვენ სკოლებს და საგანმანთლებლო ცენტრებს ვაშენებთ”,– თქვა მან ოზურგეთის მერობის კანდიდატის წარდგენისას.

მანვე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებით საქართველოში ევროპული დონის უნივერსიტეტი შეიქმნა.

“შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ევროპული განათლება საქართველოში უკვე შემოვიდა”,– თქვა მინისტრმა.